ოჯახის და სოფლის ექიმები რისკის შემცველ პოტენციურ პაციენტებს ადგილზე მოემსახურებიან
გიორგი გახარიას ინფორმაციით, პირველადი ჯანდაცვა, ისევე როგორც ოჯახის და სოფლის ექიმები უახლოეს დღეებში გახდებიან ვირუსისგან დაცვის წინა ხაზის ძირითადი მებრძოლები.
„თითოეული ადამიანი, რომელსაც ექნება შეგრძნება, რომ აქვს ელემენტარული ცხელება, მას ექნება კონკრეტული მიმართულება სადაც უნდა დარეკოს, სადაც უკვე სატელეფონო ზარიდან მოემსახურება ოჯახის ან სოფლის ექიმი და აქედან დაიწყება რისკის შემცველი პოტენციური პაციენტის მართვა“,-აღნიშნა გახარიამ.
ვირუსის მსუბუქი ფორმის დროს სახლის პირობებში უნდა მოხდეს მისი მართვა, განსაკუთრებით ახალგაზრდების შემთხვევაში, რათა მეტი რესურსი შენარჩუნდეს ასაკიანი მოქალაქეებისთვის.
„ამ ვირუსის დიდი პროცენტი ზოგ შემთხვევაში უსიმპტომოდ ან მსუბუქად მიმდინარეობს და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, იმისთვის რომ ჩვენი მშობლების თაობის, პენსიონერების რისკი შევამციროთ მათთვის უნდა შევინარჩუნოთ მეტი რესურსი“, – განაცხადა პრემიერმა.