კახეთში შესაძლოა მოსახლეობის მასიური თერმოსკრინინგი დაიწყოს
კახეთის მუნიციპალიტეტების სოფლებში შესაძლოა თერმოსკრინინგით მოსახლეობის მასიური შემოწმება დაიწყოს.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის თქმით, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად რეგიონში ორ ძირითად შემავალ და გამავალ ლოკაციაზე, ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით, ბლოკ-პოსტების განთავსება იგეგმება. მისივე თქმით, ყველა გამვლელი პირი თერმოსკრინინგს გაივლის.
,,კახეთის რეგიონში იგეგმება საპოლიციო კონტროლის გამკაცრება და მოქალაქეებისათვის თერმოსკრინინგის ჩატარება. ეს რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის გადაადგილებულ მგზავრებს შეეხებათ”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდა ბლოგ-პოსტებისა, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლებშიც პრევენციისთვის ასევე იგეგმება მოსახლეობის თერმოსკრინინგით შემოწმება.
ამ დროისთვის კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში, 11 საკარანტინო ზონაა მოწყობილი. რეგიონში ახალი კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დადასტურებულა.

