ახალი ამბები

კახეთში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კახეთში მოხალისეთა ჯგუფების დაკომპლექტება დაიწყო.

ადგილობრივებით დაკომპლექტებულ მოსახალისეთა ჯგუფს, რომელშიც ეთნიკური აზერბაიჯანელებიც არიან, შესაბამისი ტრენინგი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებმა ჩაუტარეს.

მოხალისეთა ჯგუფები პირველ ეტაპზე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ კაბალის ადმინისტრაციულ ერთეულში ყველა ოჯახს კარდაკარ მოივლიან.

ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, მოხალისეები დისტანციის დაცვით ადგილობრივ მოსახლეობას გამოკითხავენ, ხომ არ იმყოფებოდნენ ბოლო დროს ბოლნისსა და მარნეულში, ჰქონდათ თუ არა პირდაპირი ან ირიბი კონტაქტი რისკის შემცველი ქვემო ქართლის რეგიონის მაცხოვრებლებთან და როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოპოვებული ინფორმაციას ლაგოდეხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს გადასცემენ.

,,ლაგოდეხში 20 მობილური ჯგუფი იქნება. ჯგუფში ერთი ქართველი და ერთიც აზერბაიჯანელი ეროვნების ახალგაზრდაა, ისინი კარდაკარ შემოვლიან მუნიცუპალიტეტის სოფლებში ყველა ოჯახს და კორონავირუსთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას. შეავსებენ ასევე, სპეციალურად შედგენილ კითხვარს, იმყოფებოდნენ თუ არა რაიმე მიზეზით კარანტინში მყოფ მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, ან ხომ არ ჰყავდათ სტუმარი რისკის შემცველი რეგიონიდან. კარდაკარის პრინციპით შეგროვილი ინფორმაცია გაამარტივებს კორონავირუსთან დაკავშირებით პრევვენციული ღონისძიებების ოპერატიულ გატარებას”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოხალისრთა მობილური ჯგუფები სოფლებში გამოკითხვებს დღეიდან დაიწყებენ.