თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე საკარანტინო ზონა 25 კაციანმა ჯგუფმა დატოვა
25 კაციანმა ჯგუფმა უკვე დაასრულა 16 დღიანი კარანტინი, რის შემდეგაც თელავის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმრო სავანეთი მოქალაქეებმა დღეს დატოვეს.
ჯგუფი კარანტინში 13 მარტს მოათავსეს და შესაბამისად 14 დღიანი საინკუბაციო პერიოდი უკვე გავიდა.
მედოკოსების განცხადებით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია და არც ერთ მათგანს არ აღენიშნება კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
საკარანტინო ზონები კახეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო, კარანტინში მყოფი პირების ტრანსპორტირება კი ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.
კახეთის გუბერნატორის ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, კარანტინში მყოფი მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იყვნენ სამჯერადი კვებით, აუცილებელი ჰიგიენური ნივთებით და 24-საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობით.
კარანტინში მყოფები საცხოვრებელ ადგილას გადაიყვანეს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის და თელავის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ტრანსპორტით.
“კახეთის საკარანტინო ზონებიდან მოქალაქეებს ორგანიზებულად გაიყვანენ. სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი მოქალაქეებს იმ მუნიციპალიტეტებში მოიყვანს, სადაც ცხოვრობენ”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე თქმით, სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.