ახალი ამბები

ჯანმო: ახალი კორონავირუსი ჰაერით არ გადადის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ახალი ვირუსი, რომელიც Covid-19-ის დაავადებას იწვევს ჰაერით არ გადადის.

ჯანმო წერს, რომ ახალი კორონავირუსი ძირითადად გადადის დაინფიცირებული ადამიანისგან მაშინ, როდესაც ეს ადამიანი ახველებს, აცემინებს ან ლაპარაკობს და ვირუსის წვეთები გამოიყოფა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ეს ვირუსის წვეთები საკმაოდ მძიმეა იმისთვის, რომ ჰაერში გაჩერდეს – “ისინი მალევე ეცემიან იატაკზე ან ზედაპირებზე”.

ორგანიზაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ჩასუნთქვით ადამიანის კორონავირუსით დაინფიცირება შეიძლება მაშინ, როდესაც Covid-19-ით დაავადებულ ადამიანთან 1 მეტრის მანძილზე იმყოფება ან ვირუსით დაბინძურებულ რაიმე ზედაპირს ეხება და შემდეგ დაუბანელი ხელით თვალებს, ცხვირს ან პირს ეხება.

“თავდაცვისთვის, სხვებისგან, სულ მცირე, 1 მეტრის დისტანცია დაიჭირეთ, დეზინფექცია გაუკეთეთ იმ ზედაპირებს, რომლებსაც ხშრად ეხებით. რეგულარულად, კარგად დაიბანეთ ხელები და თავი აარიდეთ თვალებთან, პირთან და ცხვირთან შეხებას,” – ვკითხულობთ ჯანმო-ს 28 მარტის განცხადებაში.

აშშ-ის მერილენდის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებები აერობიოლოგმა დონალდ მილტონმა ჯანმოს-ს აღნიშნული განცხადების გავრცელებისთვის უპასუხისმგებლობაში დასდო ბრალი – “ეს დეზინფორმაცია საშიშია”. მისი თქმით, ახალ ვირუსზე ცოტა რამაა ცნობილი და შეუსაბამოა დასკვნების გამოტანა, თუ როგორ ხდება მისი გადაცემა.

მილტონი მიიჩნევს, რომ ჯანმო-მ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მსგავსად ჰაერით გადაცემის შესახებ სიფრთხილის ზომები გამოსცეს. მისი თქმით, CDC-ს ჰაერით გადაცემის სიფრთხილის ზომები აქვს გამოცემული ნებისმიერ სიტუაციისთვის, სადაც ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებთან მკურნალობენ.

შეგახსენებთ, რომ 17 მარტს გამოაქვეყნეს აშშ-ში ჩატარებული ერთერთი კვლევა, რის მიხედვითაც ახალი კორონავირუსი ჰაერში საათების, ხოლო ზედაპირებზე დღეების განმავლობაში ძლებს – ახალი კორონავირუსი ჰაერში სამ საათამდე ძლებს, სპილენძზე მაქსიმუმ 4 საათი, მუყაოს ზედაპირზე 24 საათამდე, ხოლო პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე 2-დან 3 დღემდე.

კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, კალიფორნიის უნივერსიტეტის და პრინცტონის უნივერსიტეტის მეცნიერები.