სტატიები

უნდა ჰქონდეს თუ არა თვითმმართველობას უფლება პანდემიის დროს გარკვეული წესები დაადგინოს

მას შემდეგ რაც საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა, პრევენციის ღონისძიებების საჭიროება დღის წესრიგში დადგა, ამ პროცესში კი მუნიციპალიტეტების როლზე მახვილყდება ყურადღება.

თელავში მცხოვრები მოქალაქეები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მუნიციპალიტეტებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

მათი თქმით, აუცილებელია ადგილობრივ თვითმმართელობებს, პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, უნდა ჰქონდეთ გარკვეული წესების დადგენის უფლება.

თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ნიკოლოზ შარვაშიძე ამ მიმართულებით თვითმმართველობების შეზღუდულ უფლებებზე საუბრობს და აღნიშნული უფლებამოსილების ადგილზე განხორციელების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

,,პირველ რიგიში მნიშვნელოვანია, რომ მსგავს სიტუაციაში, როცა ქვეყანაში და მსოფლიოში პანდემიაა, თვითმმართველობა იყოს გაცილებით მოქნილი. გასაგებია, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, თუმცა მსგავსი მოვლენების პრევენციაში მნიშვნელოვანია თვითმმართველობის როლი და მნიშვნელობა. ის არის სწორედ ყველაზე მჭიდრო კონტაქტში და ახლოს მოქალაქეებთან, ასეთ დროს კი ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირება და სწორი ქმედება.

მნიშვნელოვანია საგანგებო წესების დაცვა და აღსრულება მუნიციპალურ ტერიტორიაზე. საზოგადოებრივი ჯანდაცვა სწორედ რომ მუნიციპალიტეტის ფუნქციაა, მის ტერიტორიაზე პოლიციასთან ერთად აღსრულების მექანიზმიც მისი ფუნქციაა.

ასეთ დროს, როცა ცენტარულურ ხელისუფლებას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხები აქვს გადასაწყვეტი, ის არ უნდა ხარჯავდეს რესურსს იმაში, რომ იკვლევდეს რომელიმე მუნიციპალიტეტში რომელიმე მცირე ბიზნეს ობიექტი ასრულებს თუ არა რეკომენდაციებს. აქაა სწორედ დეცენტრალიზაციის მთელი არსი და მნიშვნელობა, ამ შემთხვევაში გაცილებით ქმედითი და სწრაფი ზომების გატარება უნდა შეეძლოს თვითმმართველობას. ამას აკეთებს დღეს მთელი მსოფლიო. სწორედ ესაა კრიზისის დროს რესურსების სწორად განაწილების პრაქტიკა და მენეჯმენტი’’,- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.

შარვაშიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია, თვითმმართელობის საქმიანობა უნდა იყოს დროული და მოქნილი.

,,თვითმმართველობებს აქვთ გარკვეული ფინანსური და სამარათლებრივი რესურსები, რომ იმოქმედონ სწრაფად და მოქნილად საჭიროების მიხედვით. რა თქმა უნდა საგანგებო სიტუაციის რეჟიმში რომელიც იძლევა ამის სამართლებრივ შესაძლებლობას. მარტივია, რომ საკუთარ მუნიციპალიტეტში თუნდაც სასურსათო მაღაზიები გააკონტროლო, რამდენად იცავენ ისინი რეკომენდაციებს.

მარტივია, რომ მუნიციპალიტეტმა შეისყიდოს ხსნარები და მსგავსი რისკის მქონე ობიექტებს გადასცეს, რომ მათ უაზუნველყონ პირველ რიგში საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ასევე, კანონის აღსრულება. ამას არ ჭირდება კანონების ცვლილება და ესაა ასეთ დროს სწორედ თვითმმართველობის ფუნქცია. ახლა ყველამ ყველაფერი უნდა ვიღონოთ და მცირე წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში.

განსაკუთრებით კი თვითმმართველობებმა, რადგან გარკვეულწილად ისინი არიან სწორედ პასუხისმგებელნი და მათი პირდაპირი მოვალეობაა საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა. თუ საჭიროება მოითხოვს, უნდა მიმართონ მთავრობას გარკვეული რეგულაციის ან ქმედების დასამტკიცებლად, რომლის უფლებაც არ აქვთ და საჭიროდ თვლიან საკუთარ მუნიციპალიტეტში პრევენციისთვის’’, -განაცხადა შარვაშიძემ.
ადგილობრივ თვიმმართველ ორგანოებში განმარტავენ, რომ მუნიციპალურ ტერიტორიაზე პანდემიის დროს მაგალითად სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისთვის წესის დატკიცების ან ნორმატიული აქტის გამოცემის უფლებამოსილება არც მერს და არც საკრებულოს არ აქვს.

ექსპერტები განმარტავენ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონის 36-ე მუხლი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების უფლებამოსილებებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში.

კოტე კანდელაკი მიუთითებს, რომ აღნიშნული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში დელეგირებული აქვთ სხვადასხვა უფლებამოსილება რომელიც მხოლოდ ზედამხედველობის და კონტროლის შესაძლებლობას აძლევს, თუმცა საგანგებო მდგომარეობის დროს გარკვეული წესის დამტკიცების შესაძლებლობა ცენტრალური ხელისუფლების გარეშე არ აქვს.

,,კანონის აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მხოლოდ თვითმმართველობების მიერ გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოების ჯანმრთელობას, მათ შორის, ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციისა და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზებას, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

გარდა ამისა, ასევე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ პირთა მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის 3​1-ე და 3​2-ე პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების კონტროლი, ასევე პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას’’,– განაცხადა კოტე კანდელაკმა.

თელავში მცხოვრები მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში თუ თვითმმართველობას არ აქვს შესაბამისი უფლებამოსილება, ცენტრალურ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს გარკვეული წესის დადგენა, რომელსაც თავად განახორციელებს.

,,როცა მუნიციპალიტეტის პირველი პირს აქვს პასუხისმგებლობა მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა, განახორციელოს საქმიანობა გარკვეული კუთხით ცენტრალური ხელისუფლების გარეშე, უნდა მოითხოვოს შესაბამისი უწყებიდან გარკვეული საკითხის მოგვარება ან ამ შემთხვევაში იგივე გარკვეული წესის დადგენა, რომლის აღსრულებასაც და მონიტორინგსაც თავად განახორციელებს’’,- აცხადებს თელავში მცხოვრები ლევან ლალიაშვილი.