ახალი ამბებისტატიები

სახლში მიტანის სერვისი თელავში 

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ფარგლებში, კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა, რომლის მიხედვითაც რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს აეკრძალათ მომსახურების სივრცეში მომხმარებლების დაშვება და მიეცათ უფლება მოქალაქეებს მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისი შესთავაზონ.

ქვეყნის მასშტაბით შეჩერებულია კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსების, სილამაზის სალონების, ღამის კლუბების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მომსახურება.

სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, აღნიშნული დაწესებულებების საქმიანობა შეიზღუდა თელავშიც.

მარკეტებისგან განსხვავებით იმ დაწესებულებებმა, რომლებმაც მოქალაქეების ადგილზე მომსახურება დროებით შეაჩერეს, ადგილზე მიტანის სერვისი დანერგეს.

ადგილზე მიტანის სერვისით აგრძელებს მუშაობას თელავში მდებარე რესტორანი ,,კაპილონი’’.

როგორც knews. Ge-ს რესტორნის მენეჯერმა ზურაბ სამანიშვილმა განუცხადა, მათ მიტანის სერვისი ფასიანი ჰქონდათ, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე თელავის მასშტაბით მომსახურება უფასო გახდა.

,,მომხმარებლებს აქამდე ადგილზე ვემსახურებოდით და ფასიანი მიტანის სერვისი გვქონდა. ახლა კი ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და მხოლოდ მიტანის სერვისს ვთავაზობთ, რაც უფასოა თელავის მასშტაბით.

რაც შეეხება ჩვენს თანამშრომლებს, ისინი ამჟამად შვებულებაში არიან და ამ თვეში თავის ხელფასს სრულად აიღებენ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, სიტუაცია დასტაბილურდება და ჩვენც საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელებთ.

ჩვენი მიზანია ასეთ კრიზისულ სიატუაციაშიც კი მომხმარებლებმა უსაფრთხოდ მიიღონ გემრიელი და მაღალი ხარისხის პროდუქტი’’,- განაცხადა ზურაბ სამანიშვილმა.

მუშაობის განსხვავებულ რეჟიმზე გადავიდა საოჯახო სასტუმრო და კაფე-რესტორანი ,,სუ თელავია”.

მეწარმე გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მომხმარებლების ადგილზე მომსახურება შეწყვიტეს და მიტანის სერვისი აამოქმედეს.

,,ჩვენს მომხმარებლებს ამ დრომდე ვთავაზობდით განსხვავებულ გარემოში განტვირთვის და იმ კერძების დაგემოვნების საშუალებას, რომლის ხელმისაწვდომობა ჩვენს ქალაქში აქამდე არ იყო. რა თქმა უნდა ყველაფერს უცვლელს ვტოვებთ. განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უსაფრთხოებისა და მეტი დაცულობისთვის ამ დროისთვის მხოლოდ მიტანის სერვისი გვაქვს. 

გახსნის დღიდან მიტანის სერვისი კარგად მუშაობს ჩვენს კაფეში, მაგრამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა. ეს სერვისი მეტად მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ანგარიში ბარათითაც გაასწორონ.

ეს ბიზნესი საოჯახოა და აერთიანებს სასტუმროსა და კაფეს, მთელი ოჯახი ჩართული ვართ ამ საქმიანობაში. დამხმარე პერსონალის საჭიროება აქამდე არ ყოფილა. ვფიქრობ, რამდენიმე თვეში დაგვჭირდება დამხმარე პერსონალი და პირველ ეტაპზე დავასაქმებთ 3-4 ადამიანს’’,– აცხადებს knews. Ge-სთან საუბრისას გიორგი მოსიაშვილი.

პროდუქტების და სხვადასხვა ნივთის ადგილზე მიტანის სერვისი აქვს დანერგილი თელავში მდებარე მარკეტ ,,ლიმბოს”.

მარკეტის წარმომადგენელი მაგული ჭარბაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, თელავში მიტანის სერვისით მომსახურებაზე მოთხოვნა არც თუ ისე დიდია.

,,გვაქვს როგორც პროდუქტების, ტორტების, ასევე სურსათის მიტანის სერვისი, გვყავს ადამიანი, რომელსაც აქვს შესაბამისი ეკიპირება და შეგვიძლია ყველას სრული წესების დაცვით მოვემსახუროთ, მაგრამ არ არის მსურველი. 

არც ერთ პროდუქტი, რომელზეც მარაგი გვაქვს, არ გაგვიძვირებია. გარკვეული პროდუქტების მარაგი კიდევ გვაქვს დარჩენილი, რასაც ისევ ძველ ფასში გავყიდით, მაგრამ ზოგი სახეობის პროდუქტი დისტრიბუციიდან მომატებული ფასით მოდის, ამიტომ ასეთ შემთხვევაშუ იძულებულები ვართ, გაძვირებული პროდუქცია გავყიდოთ’’,- განუცხადა knews. Ge-ს მაგული ჭარბაძემ.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით დაიწყეს პროდუქტების გაყიდვა იმ მსხვილმა თუ მცირე მაღაზიებმა, რომლებსაც ამ დრომდე მიტანის სერვისი არ აქვთ დანერგილი.

ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, თელავში სხვადასხვა სასურსათო მაღაზაში ერთ ან ორ ადამიანზე მეტს არ უშვებენ, გარე პერიმეტრზე მდგომი მოქალაქეები კი ვალდებულები არიან, დისტანცია დაიცვან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ დაწესებული შეზღუდვის გამო სავაჭრო ობიექტებში ყოფნა უფრო მეტ დროს მოითხოვს, რაც დისკომფორტს უქმნით, თუმცა მათი განმარტებით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანი ღონისძიებებია.

მოქალაქეები მიუთითებენ, რომ მიტანის სერვისით ძირითადად რესტორნებიდან სხვადასხვა მზა კერძის შეკვეთის შემთხვევაში სარგებლობენ. მათთვის უმჯობესია მარკეტში წავიდნენ და სურსათი ისე იყიდონ.

,,მიტანის სერვისით ჩემი ოჯახი ნაკლებად სარგებლობს, ძირითადად მხოლოდ მაშინ, როცა მზა კერძების ყიდვა გვინდა. დანაჩენ შემთხვევაში მირჩევია ახლომდებარე მაღაზიაში გავიდე, თავად შევარჩიო და ვიყიდო. არც ვიცი, თუ რომელიმე მაღაზიას აქვს მიტანის სერვისი’’, – განაცხადა თელავში მცხოვრებმა მანანა ლაცაბიძემ.