ახალი ამბები

თელავში მოხალისე გოგონები ორ დღეში 23 ოჯახს დაეხმარნენ

კორონავირუსის საფრთხის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ეს განსაკუთრებით ხანდაზმულ მოქალაქეებზე აისახა.

თელავში მცხოვრებმა ახალგაზრდა მოხალისე გოგონებმა მათი დახმარება გადაწყვიტეს. მათ მოხალისეობრივი საქმიანობა სამი დღის წინ დაიწყეს.

როგორც knews-ს იდეის ერთ-ერთმა ავტორმა სოფო სუხიტაშვილმა განუცხადა, კამპანია აქტიურად გაგრძელდება.

,,მსგავსი მოხალისეობრივი ჯგუფი საქართველოს მასშტაბით შეიქმნა, რომლის იდეა იყო მოხუცების დახმარება, თუმცა ძირითადად ყურადღება თბილისზე მახვილდებოდა. ამიტომ მე და ჩემმა ბავშვობის მეგობრებმა გადავწყვიტეთ შეგვექმნა სოციალურ ქსელში ჯგუფი, სადაც თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ ადამიანებს დავეხმარებოდით. კამპანია 3 დღის წინ დავიწყეთ და ვერც კი ვიფიქრებდით, უკვე იმხელა გამოხმაურება მოჰყვა. ამ წუთშიც გვერიცხება თანხა. 2 დღეში შევძელით 23 ოჯახის დახმარება. ინფორმაციას გვაწვდიან გაჭირვებულ ოჯახებზე და მათაც ვეხმარებით, თუმცა ძირითადი აქცენტი მოხუცებზე გვაქვს აღებული.

მივიღებთ მოხალისეებს, რადგან 7 გოგო ვართ და ვცდილობთ მაქსიმალურად გადავნაწილდეთ, ყოველგვარი თავდაცვის საშუალებებით – ბახილებით, ხელთათმანებით, პირბადეებით. მთავარი მიზანია, რომ სისტემატიური ხასიათი მიეცეს, რადგან ერთჯერადი დახმარებით ვერაფერს გავხდებით. ყველა ადამიანს მინდა მადლობა გადავუხადო გვერდში დგომისთვის”, – განაცხადა სოფო სუხიტაშვილმა.

მოხალისეების ანგარიში:

თიბისი – GE60TB7555845061100046
საქართველოს ბანკი – GE13BG0000000160991670

“მნიშვნელოვანია ისიც, რომ მარტო ფულადი დახმარება არაა თქვენი ჩართულობის განმსაზღვრელი. ვისაც რითი შეგიძლიათ დახმარება, ყველანაირი საშუალება მისაღები და მნიშვნელოვანია”, – აღნიშნა სოფო სუხიტაშვილმა.

 

ავტორი: მარიამ ოქროცვარიძე