კახეთში თვითიზოლაციაში ყველაზე მეტი მოქალაქე თელავსა და საგარეჯოში იმყოფება
თელავსა და საგარეჯოში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თვითიზოლაციაში 78-78 მოქალაქე იმყოფება, რაც ყველაზე მეტი მონაცემია კახეთის სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სრულად დამაკმაყოფილებელია.
როგორც knews-ს ნელი ხიზანიშვილმა განუცხადა, ისინი კორონავირუსის გავრცელების მხრივ რის ჯგუფის ქვეყნებში იმყოფებოდნენ, რის გამოც შიდაიზოლაციის რეჟიმი უნდა დაიცვან. მათ სამართალდამცავები ყოველდღიურად აკონტროლებენ და მედიკოსები კი სამედიცინო შემოწმებას რეგულარულად უტარებენ.
კახეთში თვითიზოლაციაში 452 მოქალაქე იმყოფება.
ცნობისთვის, გუშინ კახეთიდან ტემპერატურის მატების გამო თბილისის საავადმყოფოში საშუალო ასაკის მქონე მამაკაცი გადაიყვანეს, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. პაციენტს უცხო ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს. მას ანალიზებს დღეს აუღებენ და ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნიან. ანალიზის პასუხი დღეს საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი უკვე 81 მოქალაქეს დაუდასტურდა.