კახეთში საკვირაო ბაზრობები დაიხურა
ველისციხის, ბოდბისხევის, აფენის, წნორისა და კაბალის ტრადიციური საკვირაო ბაზრობები დაიკეტა. კორონა ვირუსის გავრცელების მაღალი საფრთხის გამო დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით რეგიონის თვითმმართველობებმა შესაბამისი ღონისძიებების გატარება დაიწყეს.
თუმცა მუშაობას განაგრძობს ყოველდღიური აგრარული ბაზრები თელავსა და რეგიონის სხვა ქალაქებში. როგორც knews.ge- ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განუმარტეს, მუნიციპალიტეტის აგრარული ბაზრის სრული დეზინფექცია ყოველდღიურად მიმდინარეობს, ხოლო მოვაჭრეებს დეტალურად აცნობენ კორონა ვირუსთან დაკავშირებულ წესებს.
„გურჯაანის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა, გურჯაანის აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს ის აუცილებელი რეკომენდაციები გააცნეს, რომლის დაცვაც მათ კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ევალებათ. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა აღნიშნეს, აუცილებელია მოვაჭრეებმა დაიცვან სოციალური დისტანცია, გამოიყენონ ხელთათმანები, ქუდები და პირბადეები.“