ყარაჯალაში მდგომარეობა კონტროლდება
ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 500 კაციანი ღონისძიების ჩატარება იგეგმება, არ ადასტურებს ადმინისტრაციულ ერთეულში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.
ფეისბუქის ერთ-ერთი მომხმარებლის ინფორმაციით, მის ნათესავს, რომელიც ადგილობრივი მაცხოვრებელია, დაუკავშირდნენ და სოფელ ყარაჯალაში 500 კაციანი ღონისძიების ჩატარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მან ინფორმაცია პოლიციას და შესაბამის სამსახურებს უკვე მიაწოდა.
დეზინფორმაციის გავრცელებასა და გამიზნულად პანიკის გამოწვევაზე საუბრობენ სოფელ ყარაჯალაში თელავის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.
მისი თქმით, სოფელში არანაირი ღონისძიების გამართვა არ იგეგმება, არსებული სიტუაციის და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის შესახებ კი ადგილობრივები ინფორმირებულები არიან.
,,კარდაკარ დავდივართ და ინფორმაციას ვაწვდით მოსახლეობას, როგორ უნდა მოიქცნენ. რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს აქ ღონისძიების ჩატარება იგეგმება, არ შეესაბამება სიმართლეს და ემსახურება მოსახლეობაში პანიკის დათესვას. ბაირამობა აქ არ იმართება და ყველა მოთხოვნას, რასაც საგანგებო მდგომარეობა მოიცავს, ყველა ადგილობრივი ითვალისწინებს. ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის აუცილებლად სამართლებრივი გზით უნდა აგოს პასუხი აღნიშნულმა პირმა. ამ საკითხით დაინტერესებულია პოლიცია და გადაადგილდება ახლაც სოფელში”, – განუცხადა knews. Ge-ს სოფელ ყარაჯალაში თელავის მერის წარმომადგენელმა.
Knews.ge ცდილობს აღნიშნულ საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოძიებას თელავის მერიიდან.