ახალი ამბები

გურჯაანში საცხოვრებელ კორპუსებს დეზინფექცია ჩაუტარდება

COVID19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქალაქ გურჯაანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ტარდება ყველა საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღსა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში. არჩილ ხანდამაშვილის ინფორმაციით, სადეზინფექციო საშუალებებით ყოველდღიურ რეჟიმში მარაგდებიან სამარშუტო და კერძო ტაქსების მძღოლები, რომელსაც კონტროლს მერიის ზედამხედველობის სამსახური უწევს.

,,გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია გადასულია დისტანციური შრომის რეჟიმზე, რაც, რა თქმა უნდა, არ აისახება იმ მნიშვნელოვანი მომსახურების გაწევაზე, რომელიც ჩვენი მოქალაქეების სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებს ეხება.

ონლაინ შეხვედრა მქონდა ახალგაზრდებთან, რომლებსაც სურვილი აქვთ, ჩაერთონ კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებებში.
ისინი მზად არიან გვერდით დაგვიდგნენ და უახლოეს დღეებში განვახორციელოთ მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული კორპუსების სადარბაზოების დეზინფექცია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში ნამდვილად არ არსებობს პანიკის საფუძველი, თითოეული ჩვენგანი ვალდებულნი ვართ, გავითვალისწინოთ და დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გასცემენ”, – განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.