გურჯაანში ცხოველთა უფლებების დამცველები აქციას მართავენ
გურჯაანში, პოლიციის შენობასთან ცხოველთა უფლებების დამცველები აქციას მართავენ.
მათი თქმით, ბოლო დროს კახეთის რეგიონში განსაკუთრებული სისასტიკით კლავენ, აწამებენ და ასახიჩრებენ ცხოველებს, აღნიშნულ ფაქტებზე კი არავინ დასჯილა.
აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებას და შესაბამისი პირების დასჯას ითხოვენ.
,,კახეთის რეგიონში ზედიზედ მოკლეს 6 ძაღლი. აწამეს ლეკვი, დაუსერეს მუცელი და დააგდეს ღია ჭრილობებით. ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, რამდენიმე დღის წინ მოკლეს პნევმატური იარაღით ახალნამშობიარები ძაღლი, რომელსაც დარჩა ხუთი ლეკვი. ლეკვებიდან ოთხი დაიღუპა არასწორი მოვლით, ერთი გადაყვანილია თბილისში და იბრძვის სიცოცხლისთვის.
ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ ადამიანების უმეტესი ნაწილი ამას ჩვეულებრივ მდგომარეობად მიიჩნევს და გონიათ, რომ ცხოველს არ აქვს მგრძნობელობა, არ ტკივა და არ იბრძვის სიცოცხლისთვის.
სოფლებში გადაადგილდებიან შეიარაღებული ყველა ასაკის პირები და ხოცავენ ცხოველებს დაუნდობლად. ვთხოვთ ყველას, ვისაც გიყვართ ცხოველები, ვინც ემიჯნებით ძალადობას და თვლით, რომ ცხოველზე მოძალადე აუცილებლად იძალადებს ადამიანზეც, დადექით ჩვენს გვერდით და ერთხელ და სამუდამოდ მოვახერხოთ გაერთიანება ამ უსამართლობის წინააღმდეგ.
ჩვენი აქტიურობაა საჭირო, რომ დამნაშავე დაისაჯოს. უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ძალადობა. ადამიანებს უნდა გავაგებინოთ, რომ ცხოველებს აქვთ უფლებები, მათ იცავს კანონი და ყველა ცხოველზე მოძალადე გასამართლდება სისხლის სამართლის მუხლით. სწორედ ამიტომ მე და ჩემმა მეგობარმა ქეთა ხვიჩიამ გადავწყვიტეთ აქტიურობა ამ მიმართულებით”,– განუცხადა Knews.ge-ს აქციის ორგანიზატორმა თიკო ჯოლოხავამ.
ფოტო: უჩა ქემაშვილი