თელავში წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით პეტიცია შექმნეს
თელავში ადგილობრივებმა წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით manifest.ge-ზე პეტიცია შექმნეს.
თელავში მცხოვრებლები შესაბამის სამსახურებს საკითხით დაინტერესებას და პრობლემის მოგვარებისთვის მუშაობას სთხოვენ.
,,ორ თვეზე მეტია თელავს წყალი ფაქტიურად არ მიეწოდება. წყაროებიც კი დაშრა. მოსახლეობა ურთულეს პირობებში ცხოვრობს. ვთხოვთ ყველას ვისაც ეს პრობლემა აწუხებს მოაწეროს ხელი პეტიციას”,– აცხადებენ ადგილობრივები.
ტექნიკურ საკითხებში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე პრობლემას სათავე ნაგებობაზე წყლის დებეტის სიმცირეს უკავშირებს.
ზაზა სიხარულიძის ინფორმაციით, მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული თელავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც შექმნილ პრობლემას მოაგვარებს.
ზაზა სიხარულიძე განმარტავს, რომ სამუშაოების დასრულებამდე კომპანია მოსახლეობას წყალს მათზე მორგებული გრაფიკით მიაწვდის.
,,პრობლემა სათავე ნაგებობაზე მკვეთრად დაცემულმა წყლის დებეტმა გამოიწვია. შარშან ამ პერიოდში თელავს მიეწოდებოდა საათში 500 კუბური მეტრი ოდენობის წყალი, დღევანდელი მდგომარეობით კი 210 კუბური მეტრია. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გავანაწილოთ არსებული რესურსები და მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მივაწოდოთ.
გარდა ამისა, წყლის ცისტერნები დამატებით მუშაობს და დღეს კიდევ ერთი წყალმზიდი დაემატა, რომელიც მოსახლეობის მოთხოვნაზე მყისიერ რეაგირებას განახორციელებს და წყალს მიაწვდის.
რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სიტემის რეაბილიტაციას, პროექტი ითვალისწინებს სამი ახალი სიღრმული ჭაბურღილის მოწყობას, თელავში არსებული კორპუსების შიდა სისტემების სრულ მოსწერიგებას და გამრიცხველიანებას’’,- განუცხადა knews.ge-ს ზაზა სიხარულიძემ.