ახალი ამბები

,,ტყუპების საღვინე სახლმა” ბიოღვინის წარმოება დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში ,,ტყუპების საღვინე სახლმა” ბიოღვინის წარმოება დაიწყო.
კომპანიაში განმარტავენ, რომ ცოტა ხნის წინ მათ ბიო ყურძნისა და ღვინის წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატიც მიიღეს.
მათი თქმით, ეკოლოგიურად სუფთა, ბიო რქაწითელი და საფერავი გაყიდვაში მარტის თვიდან გაეშვება.
აგროტურისტული ცენტრი ,,ტყუპების ღვინის მარანი” სახლი ძმებმა გელა და გია გამტკიცულაშვილებმა რამდენიმე წლის წინ გახსნეს, სადაც პროდუქტს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ამზადებენ.

ტყუპი ძმები საკუთარ ვენახებში მოკრეფილი ყურძნით ღვინოს ქვევრში, უძველესი ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით აყენებენ.
მათი განცხადებით, საღვინე სახლი მომხმარებელს სთავაზობს ღვინის ტურს მთელი წლის განმავლობაში, რომელიც მოიცავს ძველი მარნის და ახალი წარმოების დათვალიერებას, მე-18 საუკუნის საწნახელში ყურძნის დაწურვის პროცესს, ჭაჭის გამოხდას, თონეში პურის გამოცხობას, ჩურჩხელის ამოვლებას, იქ არსებული ქვევრისა და ღვინის მუზეუმის დათვალიერებას.
გია გამტკიცულაშვილის თქმით, მათ მიერ წარმოებული რამდენიმე სახეობის კახური ღვინო ,,ქვევრის მზე” გარდა ადგილობრივი ბაზრისა, გერმანიაში, რუსეთში, უკრაინასა და იაპონიაშიც იყიდება.
,,მე და ჩემმა ძმამ წლების წინ გადავწყვიტეთ მამა-პაპეულ ადგილებში ვენახები გაგვეშენებინა. ღვინოს ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით ვაწარმოებთ, ისე როგორც მამა და პაპა ამზადებდნენ.
ღვინოს დაყენება ოჯახის ტრადიცია იყო და ახლა ეს ბიზნესად ვაქციეთ. ამ ეტაპზე 94 დიდი ზომის ქვევრი გვაქვს, სადაც ღვინოს ვაყენებთ. პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე ვახდენთ. გარდა ღვინისა, ვაწარმოებთ ,,ტყუპების ჭაჭას”, ჩვენი პროდუქცია სუფთაა და ხარისხიანი”,– ამბობს გია გამტკიცულაშვილი.