ახალგაზრდა ხელოვანი გურჯაანიდან, რომელიც მეორადი ნივთებისგან ქანდაკებებს ქმნის
გურჯაანში მცხოვრები ვაჟა ფურცელაძე მეორადი ნივთებისგან სხვადასხვა სახის ქანდაკებებს ქმნის.
ვაჟა თავდაპირველად ხატავდა, თუმცა შემდეგ სკულპტურების შექმნა დაიწყო. მან პირველი ნამუშევარი მე-9 კლასში შექმნა და იმდენად მოეწონა ეს საქმე, რომ გადაწყვიტა მისი ჰობი გამხდარიყო.
,,პირველი ნამუშევარი არ გამოირჩეოდა, რადგან ფული გამოვიყენე მის ასაწყობად. სხვადასხვა ქვეყნის ფულის კოლექციები მქონდა.
მოგვიანებით გადავწყვიტე ამეწყო მოტოციკლი, სადაც უკვე სხვადასხვა დეტალები ჩავრთე და ავაწყე პირველი რობოტი. ამან უფრო გამიჩინა მისწრაფება, რომ გამეგრძელებინა ეს საქმე. ასევე სურვილი გამიჩნდა, რომ ფილმების მიხედვითაც შემექმნა სკულპტურები, რათქმაუნდა ჩემი დიზაინის ჩართვით და ნელ-ნელა უფროდაუფრო დიდ ნამუშევრებზე გადავდიოდი.
მომივიდა პირველი შეკვეთაც, რომ ამეწყო თვითმფრინავი. ეს გამოწვევა იყო ჩემთვის რადგან არა ჩემი ფანტაზიით, არამედ ზუსტი დიზაინით უნდა შემექმნა 1945 წლის თვითმფრინავის ასლი. ბომბდამშენი იყო და წარმატებით დავასრულე მისი გაკეთება. ამან უფრო შემმატა თავდაჯერებულობა”,- განუცხადა Knews.ge-ს ვაჟა ფურცელაძემ.
ხელოვანმა პირველი მცდელობების შემდეგ უფრო დახვეწილი დიზაინის 4 რობოტი ააწყო. მან ასევე 1 მეტრამდე იაპონელი მებრძოლის ქანდაკებაც შექმნა, რომელიც წინა ნამუშევრებისგან არამარტო ზომით, გამოყენებული ნივთების მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა.
თავიდან დავიწყე პატარა ნამუშევრებით თუმცა მოგვიანებით სურვილი გამიჩნდა დიდ ნამუშევრებზე გადავრთულიყავი და ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის სამურაის სკულპტურა. გამოვჭედე ხმალი, რომელმაც გამიჩინა სურვილი შემექმნა მეომარი, რომელიც ამ ხმალს დაიჭერდა.
იაპონური ხმალი იყო და შესაბამისად სამურაი უნდა ამეწყო, რაც გამოწვევა იყო ჩემთვის რადგან რაც უფრო დიდია სკულპტურა უფრო რთულია მისი შექმნა. მასალად გამოვიყენე ხე, ქაღალდი, მატერია და სხვადასხვა წვრილმანი დეტალები. დამზადებამ თვენახევარზე მეტი დრო წამართვა, თუმცა სასიამოვნო იყო მისი დიზაინის შექმნა.
როდესაც იწყებ და ნელ-ნელა უფრო მეტი იდეები მოგდის, ხედავ რომ შენი ნამუშევარი ისეთ სახეს იღებს რომელიც შენს წარმოდგენებსაც სცდება. ჩემი ნამუშევრების თამატიკა ძირითადად განსაზღვრა ბავშვობაში კომიქსების, სხვადასხვა ფანტასტიკური ჟანრის ფილმების და ანიმაციების ყურებამ.
მაგალითად ჩემს რობოტებში აღინიშნება ტრანსფორმერების დეტალები და ინსპირაციის წყარო მსგავი ნაწარმოებები იყო რომელსაც ვიყენებ ჩემს ხელოვნებაში”,– აღნიშნავს ვაჟა ფურცელაძე.
სკულპტურების და სხვადახვა ნივთების შექმნისას ვაჟა ძირითადად რკინის ჭანჭიკებს, ღილებს, მეორად ნივთებს, ძველი სათამაშოების ნარჩენებს და ტყავის თუ ნაჭრის ძველი ტანსაცმლის ნარჩენებს იყენებს.
,,ძირითადად რკინის წვრლმანებს და საყოფაცხოვრებო დეტალებს ვიყენებ. ეს არის რკინის ბურთულები, კალმის ნაწილები, ღილები, ძველი სათამაშოების დეტალები, ყველაზე აქტიურად მიყვარს რკინის დეტალების გამოყენება რადგან მარტივია სამუშაოდ.
ყოფილა შემთხვევა, რომ რკინისგან გამომიჭედია რაიმე საგანი და ამ შემთხვევაშიც წვრილმანებს იყენებდი. თუმცა არ ვერიდები ხის და სხვა დეტალებზე გადასვლას.”
ვაჟა სხვადასხვა სახის გამოფენებში აქტიურად იღებს მონაწილეობას და თავის ნამუშევრებს საინტერესებულ პირებს აცნობს.
,,რაც დრო გადის მით უფრო მეტი ხალხი ინტერესდება. პირველი შეკვეთის შედეგ სხვა შეკვეთებიც მქონდა.
სულ ვცდილობდი ნამუშევრები უფრო დამეხვეწა და პასუხისმგებლობით მოვკიდებოდი ამ საქმეს. ამ საქმიანობას არ მოვეშვები და მსურს, რომ უფრო დავხვეწო ჩემი ხელოვნება. აქტიურად ვიღებ სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობას, ვცდილობ რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესო ჩემი შემოქმედებით.
დაინტერესების მხრივ ძირითადად ჩემი თანატოლების თაობა ინტერესდება და თემატიკაც მათ უფრო შეეფერებათ”,– განაცხადა ვაჟა ფურცელაძემ.
ვაჟა სამომავლოდ ფიქრობს, რომ თავის საქმიანობას მეტი მრავალფეროვნება შესძინოს და მუშაობისას ძერწვის, მჭედლობის და ხეზე კვეთის მიმართულებაც გამოიყენოს.
ავტორი: მაკა ხაზიური, ზურა არჩემაშვილი