ახალი ამბებისტატიები

რა რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, იანვრიდან რძის და რძის პროდუქტების მწარმოებლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც სურსათს ორგანიზებულად აწარმოებენ, ამუშავებენ და ყიდიან.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე knews-სთან საუბრისას განმარტავს, რომ სახელმწიფო კონტროლი არ გავრცელდება ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პროდუქტს ოჯახურ პირობებში მცირე რაოდენობით აწარმოებენ. ვასილ ბასილაძის განმარტებით, ოჯახური წარმოებისთვის განსაზღვრულია 5 მსხვილფეხა და 15 წვრილფეხა საქონლის ყოლა.

,,სააგენტოს ინპექტორი როდესაც შეამოწმებს ბაზარში ყველს და ნახავს, რომ აქვს ეტიკეტი, იგი პირადი ნომრის მეშვეობით გადაამოწმებს მის ნამდვილობას. თუ დადასტურდა, რომ ამ კონკრეტულს პირს მართლაც ჰყავს 5 ან 3 მეწველი ძროხა, არ ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს“.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ცვლილებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სურსათის უვნებლობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, მომხმარებლის ინტერესების და ჯანმრთელობის დაცვას, ასევე მერძევეობის სექტორის განვითარებას და კეთილსინდისიერი ბიზნესოპერატორებისთვის ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას.

მეწარმეები knews-სთან საუბრისას ჯერ კიდევ 2016 წელს საუბრობდნენ მზა პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ციცო გეთიაშვილი ამბობდა, რომ არარეგისტრირებული მეწარმეები პროდუქციას დანახარჯების გარეშე ამზადებენ და ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციას დაბალ ფასად ჰყიდიან.

,,არარეგისტრირებული და რეგისტრირებული მეწარმეები თანაბარ პირობებში არ არიან. რეგისტრირებული მეწარმეები ხარისხიან პროდუქციას ვერ ყიდდნენ, რის გამოც საწარმოც კი დახურულა. გარდა ამისა, ზიანდება მომხმარებელიც და მისი უფლებებიც არ არის დაცული“.

ფერმერების უმრავლესობა ირწმუნება, რომ სახლის პირობებში წარმოებულ ყველს შემოწმება არ სჭირდება. ნანა თევდორაზე რძის და რძის პროდუქტების რეგულეციების შესახებ მწარმოებლების ინფორმირების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

“რეგულაციები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსულ პროდუქტზე უნდა გამკაცრდეს. ბაზარზე დაბალი ხარისხის პროდუქცია იყიდება. სანამ დაგვაჯარიმებენ, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება იმაზე, თუ რა არის ახალი რეგულაცია, რას მოიცავს, რა ევალება მწარმოებლებს და სხვა.”

მეწარმეების უმრავლესობა ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებაზე თანახმაა, თუმცა ამბობენ, რომ წარმოებული პროდუქციის ღირებულების გაიზრდება.

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისა და ხელმოწერის შემდეგ სურსათის ეროვნული სააგენტოს მთავარი ვალდებულება ქვეყნის საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაა. სიახლის შესახებ ჩანაწერი ჯერ კიდევ 2012 წლიდან არსებობდა.

ავტორი: ნატალია ცისკარაშვილი

 

ავტორი: თორნიკე ხალხელაური