რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა შვეიცარიაში შვილობილ მეურნეობას აამოქმედებს
“რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობა” შვეიცარიაში შვილობილი მეურნეობას აამოქმედებს. მეურნეობის ხელმძღვანელი გიორგი ალადაშვილი ამბობს, რომ საწყის ეტაპზე 100 000 ევროს ინვესტიციას განახორციელებს.
ალადაშვილის განმარტებით, ღვინოების დაგემოვნების გარდა, შვეიცარიაში ადგილობრივებს შეეძლებათ საქართველოს კულტურასა და ტრადიციებს გაეცნონ.
„ჩვენი ინფორმაციით, ცოტა ხანში შენგენის ბაზარზე ექსპორტირებული ღვინის გაყიდვა გართულდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი პრეტენზიები აქვთ ადგილობრივ მეღვინეებს შეტანილ ღვინოსთან დაკავშირებით. ჩვენ შვეიცარიის სახელმწიფომ 1 ევროდ გადმოგვცა პატარა მიწის ნაკვეთი საზღვართან, სადაც მიტოვებული სახლებია, შემდგომი რებილიტაციის პირობით.
ერთი პარტია ქვევრები უკვე წაღებული გვაქვს, ახლა მეორე პარტია ქვევრებს წავიღებთ და მიწაში ჩავალაგებთ. თუ საქართველოში გვექნება მასშტაბური წარმოება, იქ იქნება 1 ჰექტარი ვენახი და წარმოება იქაც იქნება და კონკრეტულად ჩემს ღვინოს ევროპის ბაზარზე შეღწევა აღარ გაუჭირდება. დაახლოებით ერთ წელიწადში ჩვენი ქართული მეურნეობა შვეიცარიაში სრულად ამოქმედდება“, – აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.
მწერამე მიიჩნევს, რომ ეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს პოპულარიზაციის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.
„საწყის ეტაპზე ვენახი 1 ჰექტარზე იქნება, თუმცა შემდგომში ვფიქრობთ, რომ გავაფართოოთ. ჩვენ ასევე გვინდა, რომ ჩემთან დასაქმებული პერსონალი წავიდეს შვეიცარიაში და მოემსახუროს მათ, ვინც საქართველოში ვერ ახერხებს ჩამოსვლას.
ამ დროისთვის იქ გვყვავს 12 მოხალისე, რომელიც ჩამოვა ჩვენს დინამიურ მეურნეობაში და შესაბამისად, აქედან წავლენ ჩვენი თანამშრომლები იქ. ერთგვარად გაცვლითი პროგრამა იქნება ქართული და შვეიცარიული კულტურის უკეთ გასაცნობად“, – ამბობს გიორგი ალადაშვილი.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრებმა მეწარმემ, გიორგი ალადაშვილმა ბიოდინამიური მეურნეობა სამი წლის წინ შექმნა. იგი ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო–სამეურნეო პროდუქტს ამზადებს და ადგილზე მისულ ტურისტებზე ყიდის.
მეწარმე ასევე ვაზის ძველი ქართული ჯიშების აღდგენასაც ცდილობს და საკუთარ ვენახს, რომელიც სოფელში 2 ჰექტრამდე მიწაზე გააშენა, ბიოდინამიური მეთოდით ამუშავებს. გიორგი ალადაშვილი მიუთითებს, რომ ვენახის შესაწამლად არანაირ აგროქიმიკატს არ იყენებს.
იგი ძველი ქართული მეთოდით უვლის ვენახს და ვაზს სხვადასხვა ათამდე სახეობის მცენარის ნახარშისგან დამზადებულ ხსნარს ასხავს. მეწარმე ამბობს, რომ აგროქიმიკატების გამოყენება დროთა განმავლობაში ვაზს აზიანებს, ღვინოს გემოს უკარგავს და მიწას აბინძურებს.
,,ვენახში უძველესი ქართული ჯიშის ვაზი გვაქვს ჩაყრილი და მას ბიოდინამიური მეთოდით, მთვარის კალენდრით და საკუთარი ხელით, ყოველგვარი შხამქიმიკატის გამოყენების გარეშე ვამუშავებ. მიწის ბიოდინამიური დამუშავება შვეიცარიაში ყოფნის დროს ვისწავლე, მაგრამ ამ მეთოდს ადრე ჩვენი წინაპრებიც იყენებდნენ, თუმცა დღეს მივიწყებულია. მიწას ვუვლი სასუქებით, რადგან ის მოსავლიანია და არანაირი აგროქიმიკატის გამოყენება არ არის საჭირო.
ჩვენ მეურნეობაში მხოლოდ ვიყენებთ ბორდოს ხსნარს, 50 გრამს ვხსნით 100 ლიტრ წყალში, ეს არის სპილენძის ნაერთი, რაც სასარგებლოა ვაზისთვის. ამაზე მეტ წამალს არ ვხმარობთ, რომ არ დავაბინძუროთ მიწა. მხოლოდ ვიყენებთ ბალახის ნაყენებს და ამ სპილენძის შემცველი ხსნარის გამოყენებაც მინიმალურ დონეზე დაგვყავს. ვხმარობთ შრატის ნადუღს, ტირიფის და მუხის ქერქის ნაყენს, ხახვის ფოჩის ნაყენს, სვიტას (ე.წ ,,ჯორისძუა“) ჭინჭრის ნაყენს, გვიმრის და ნივრის ნაყენს და ასევე იმ კომპოსტებს, რომლებიც ერთმანეთთან შეთავსებით იძლევა ძალიან კარგ შედეგს. მიწა და ვაზი თუ არ გექნება ძლიერი, მოსავალს ვერ მიიღებ. იმ შემთხვევაში თუ მევენახემ რამე დააკლო და ვაზის მოვლის ჯაჭვი დაარღვია, ყურძენი კარგავს იმ ხარისხს და არომატს რაც უნდა ჰქონდეს.
რაც მეტად ბუნებრივად ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე მოგყავს მოსავალი, უფრო ხარისხიანია და გემრიელი. ბევრს ჰგონია, რომ თუ შხამქიმიკატებს არ შეიტანს მიწაზე მოსავალს ვერ მიიღებს. მე მინდა დავამტკიცო ის, რომ ყოველგვარი წამლის გარეშე ბუნებრივი და ბიო დანამატებით შეიძლება მივიღოთ კარგი მოსავალი. მევენახე თუ არ დააკვირდა ვენახში მიწის ტენიანობას, ვაზს და არ აქვს ყოველდღიური შეხება მასთან, 12–ჯერ შხამქიმიკატით მოწამვლით შედეგს ვერ მიიღებს,’’– განუცხადა knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.
მევენახეობის გარდა, მეწარმე მეცხოველეობას, მემარცვლეობას, მეხილეობას და მეფუტკრეობას მისდევს, აქვს კაკლის და თხილის პლანტაციები. მისი მტკიცებით, ყველა პროდუქციას ძველი ქართული ტრადიციის მიხედვით ამზადებს