თელავის მერი დღეს პრესკონფერენციას გამართავს
თელავის მუნიციპალიტეტის მერი დღეს პრესკონფერენციას გამართავს. შოთა ნარეკლიშვილი განცხადებას პროფესორ თენგიზ სიმაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით გააკეთებს.
ცნობისთვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ისტორიკოს თენგიზ სიმაშვილს რამდენიმე საათის წინ თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
თენგიზ სიმაშვილის თქმით, მის საცხოვრებელ სახლში ერთი პირი შეიჭრა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
სიმაშვილი განმარტავს, რომ დაპირისპირება და უთანხმოება არავისთან აქვს და ის მომხდარ ფაქტს მის მიერ წამოწყებულ სოციალურ კამპანიას უკავშირებს, რომლის ფარგლებშიც თელავში, გიგოს გორაზე მემორიალური პარკის გახსნას ითხოვენ. პროფესორის მტკიცებით, სოციალური კამპანია თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინტერესებს ეწინააღმდეგება და შესაბამისად მისი ფიზიკური ანგარიშსწორების უკან შოთა ნარეკლიშვილი დგას.
პროფესორ თენგიზ სიმაშვილზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს.