ირაკლი სესიაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტში თელავისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, სახელმწიფომ სრულფასოვანი გამოძიება ჩაატარა.
,,ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია მაქვს და ყოველი დეტალი ჩემთვის ცნობილია, მათ შორის ვინ რა ფორმით მონაწილეობდა პროცესში. სახელმწიფომ ჩაატარა, ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. ამ გამოძიების და შესაბამისი დასკვნის მიმართაც სრული ნდობა მაქვს. მე ამ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დავუჭერ,“ – განაცხადა სესიაშვილმა.
ადამიანის უფლებათა სწავლისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის გამოძიების საქმესთან დაკავშირებით სროლის განმახორციელებელი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციისა და უკვე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობის დადგენილის მიზნით საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებასა და ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალ გამოკითხვას ითხოვს.
ორგანიზაციის შეფასებით, საგამოძიებო ორგანოს მიერ სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელის გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად ჩატარდა და მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები.