როგორ მუშაობს მოხუცთა პირველი თავშესაფარი თელავში
78 წლის ამირან მამნიაშვილი 3 თვეზე მეტია თელავში მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობს. ის თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში მარტო ცხოვრობდა, საცხოვრებელი სახლის დანგრევის შემდეგ კი მძიმე სოციალურ პირობებში აღმოჩნდა.
გაუსაძლის პირობებში ცხოვრების გამო, მან დახმარება სოციალურ სამსახურს სთხოვა, რომლებმაც სათანადო დოკუმენტაციის მომზადების შემდეგ თავშესაფარში ცხოვრება შესთავაზეს. ამირან მამნიაშვილი ამბობს, რომ თავშესაფარში ის თავს ბედნიერად გრძნობს.
,,ძალიან გაჭირვებული ვიყავი, სახლი დამენგრა, მხედველობა მაკლია, მიმხედი კი არავინ მყავდა. სოციალურ სამსახურში მივედი, ვთხოვე დამეხმარეთ იქნებ სადმე წამიყვანოთ არავინ მყავს მომვლელი მეთქი. დამეხმარნენ, საბუთები გააკეთეს და გამომაგზავნეს აქ.
არ ვიცოდი ასეთი რამ თელავში თუ იყო და გამიხარდა ასეთი კეთილი ხალხი რომ დამხვდა. ძალიან ბედნიერი ვარ და კარგად მივლიან. ცოტა ხნის წინ დაბადების დღე გადამიხადეს, კარგი ტორტი მომიტანეს.’‘,- განუცხადა knews.ge-ს ამირან მამნიაშვილმა.
ახლად გახსნილ თავშესაფარში ცხოვრობს მარიამ ჯათინიძეც. მას ორი შვილი ყავს, თუმცა ერთი ჯანმრთელობის მძიმე პრობლემებით სოფელ გრემის თემში ცხოვრობს, მეორე კი დაოჯახებულია. იგი ამბობს, რომ შვილებს მისი მოვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საცხოვრებელი სახლი კი სადაც ამ დრომდე ცხოვრიბდა ავარიულია.
,,ძალიან გაჭირვებული ვიყავი, სახლი ავარიული იყო, წვიმა ჩამომდიოდა. წვიმის დროს საწოლს ხან ერთ მხარეს წავიღებდი, ხან მეორე მხარეს. 10-12 წელია ეს სახლი ამ მდგომარეობაშია. ფანჯრებიც კი არ აქვს. შვილი მყავს ავადმყოფი, ფსიქიურად დაავადებული, ერთი გოგო კი გათხოვილია. ის ვერ მომაქცევდა ყურადღებას, რადგან პრობლემები ჰქონდა. თვითონვე მითხრა ვერ მოგაქცევ ყურადღებასო. გადავწყვიტე, შევიტანე განცხადება და თელავის თავშესაფარში გამომიშვეს. მიხარია, რომ კარგ გარემოში ვარ. თავი სიზმარში მგონია, რომ ასეთ კარგ პირობებში ვარ”,– განაცხადა მარიამ ჯათინიძემ.
ქალაქ თელავში მოხუცებულთა პანსიონატი “ლიმენა” სამი თვის წინ გაიხსნა და სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს ემსახურება.
პანსიონატის მმართველი, მაია ქეთელაური განმარტავს, რომ იმ ხანდაზმულებს, რომლებსაც არ აქვთ სახლი, ან აქვთ მაგრამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ, შეუძლიათ მივიდნენ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიაწოდონ ინფორმაცია მათი მდგომარეობის შესახებ და მივიდნენ პანსიონატში, სადაც დახვდებათ თბილი და ოჯახური გარემო.
,,4 წლის უკან ვიყავი რუსო ბერიძესთან თბილისში, მას აქვს ხანდაზმულთა პანსიონატი. რომ მოვდიოდი სახლისკენ, ვფიქრობდი ჩემს ასაკში როცა არც სამსახურის მოძებნა მინდა და არც სხვა არაფერი, შემეძლო ამის გაკეთება. ასე გაჩნდა იდეა და სურვილი.
ჩვენთან რომ მოხვდეს ხანდაზმული, მძიმე სოციალური მდგომარეობა უნდა ჰქონდეს. ისინი უნდა მივიდნენ სოციალურ სამსახურში, აუხსნან მდგომარეობა და მერე მათ თვითონ იციან როგორ მოიქცევიან, გადაგზავნიან სამინისტროში მონაცემებს და უწყების გადაწყვეტილებით ხდება დაფინანსება.
ჯერ ორი მოხუცი გვყავს, სულ აქ არიან. ამ ეტაპზე 4 ადამიანის მიღებაღა შეგვიძლია. სველ წერტილებს რომ დავამატებთ, შემდეგ კიდევ ექვს მოხუცს დავიმატებთ. მომავალში კი გაფართოვებას ვგეგმავთ”,- განუცხადა Knews.ge-ს მაია ქეთელაურმა.
ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ იმ ადამიანებს, რომლებზე პასუხისმგებლობასაც სახელმწიფო იღებს და საცხოვრებლად ანაწილებს, ვაუჩერულად თავადვე აფინანსებს და თითოეული მოხუცის შემთხვევაში მათი უზრუნველყოფის მიზნით, ყოველდღიურად 20 ლარს იხდის.