ყვარელში საახალწლო კონცერტისთვის განსაზღვრული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის გადაწყვეტილებით, საახალწლო კონცერტისთვის განსაზღვრული თანხა სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხმარდება.
უწყებაში განმარტავენ, რომ 25-დან 30 დეკემბრის ჩათვლით, ყვარელში მოეწყობა ,,საახალწლო სოფელი”, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ,,სოციალური კუთხე”, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დატოვოს ნივთები, რომელიც სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ.
,,31 დეკემბერს ესტრადის მომღერლების კონცერტისთვის განსაზღვრული თანხა სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს მოხმარდება და ახალ წელს ადგილობრივი მომღერლების, ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების კონცერტი გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო.
საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში ყვარელში, 25 დეკემბერს ნაძვის ხე აინთება და პატარების განწყობაზე ანიმატორები და მულტფილმების გმირები იზრუნებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ 25-დან 30 დეკემბრამდე ნაძვის ხის მიმდებარე ტერიტორიაზე ,,საახალწლო სოფელი” მოეწყობა, სადაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებლების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სხვა ბევრი საახალწლო აქტივობა გაიმართება.
ამავე პერიოდში, ,,საახალწლო სოფლის” მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ,,სოციალური კუთხე”, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დატოვოს ნივთები, ტექნიკა, საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები და ა.შ. შეგროვილი ნივთები სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს გადაეცემათ”,– განუცხადეს knews.ge-ს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში.