დედოფლისწყაროში სოციალური და განვითარების პროექტების განხორციელება იწყება
დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) მუნიციპალიტეტში სოციალური და განვითარების პროექტებს განახორციელებს.
ადგილობრივი განვითარების ჯგუფში განმარტავენ, რომ პროექტების მიზანია ხელი შეუწყოს საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობას და ასევე, ადგილობრივ საჯარო სკოლაში წყალმომარაგების და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებით ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას.
,,დედოფლისწყაროს LAG-ის მიერ ინიცირებული ერთ-ერთი პროექტი „სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა“ მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის. პროექტი მიზნად ისახავს კერძო და საჯარო სექტორების ერთობლივი თანამშრომლობის გზით, სოფელ არხილოსკალოს ქართულ თემში დედოფლისწყაროს აზერბაიჯანული თემის ინტეგრაციის ხელშეწყობას.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ სოფელ არხილოსკალოში მხარდაჭერილი ,,ცოდნის სახლის“ ბაზაზე. პროექტის ფარგლებში ეთნიკური აზერბაიჯანელი ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენას და მონაწილეობას მიიღებენ ერთობლივ აქტივობებში. შეიქმნება ლაბორატორია, რომლის დახმარებითაც ახალგაზრდები შეძლებენ ჩაატარონ ცდები და საბუნებისმეტყველო აქტივობები.
ასევე, ჩატარდება სასწავლო სემინარები, რომლებზეც ბავშვები შეისწავლიან ქართული და აზერბაიჯანული ტრადიციული ნაკეთობების დამზადებას. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში მოეწყობა ნაციონალური სამზარეულოს დღეები, სადაც ბავშვები შეისწავლიან ქართულ-აზერბაიჯანული კერძების მომზადებას. იგეგმება ადგილობრივი LAG-ის მიერ სპორტული ღონისძიებების ჩატარება შერეულ ჯგუფებში და ექსკურსიის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ერთმანეთთან დაახლოებას.
ადგილობრივი კერძო სექტორის დახმარებით საკვები პროდუქტები მომარაგდება და სველი წერტილები მოეწყობა ,,ცოდნის სახლში“, ხოლო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერია საჭირო აღჭურვილობის და სასწავლო ნივთების ადგილამდე მიტანაში დაეხმარებათ”, – აცხადებენ დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფში.
დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) პროგრამის ,,წყალი, სანიტარია, ჰიგიენა“ (WASH) ფარგლებში დაფინანსებული პროექტსაც ,,არბოშიკის სამუსიკო სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წყალმომარაგებით და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებით“ განახორციელებს.
პროექტის ფარგლებში LAG გეგმავს სკოლის შენობაში წყლის შეყვანას, საკანალიზაციო ქსელის და საპირფარეშოს მოწყობას და უწყვეტი წყალმომარაგებისთვის წყლის დამატებითი რეზერვუარის დამონტაჟებას. “WASH” ტრენინგისა და საინფორმაციო კამპანიის მხარდამჭერი იქნება გაზეთი ,,შირაქი“ და პროგრამის ,,წყალი, სანიტარია, ჰიგიენა“ (WASH) საბჭო.