ახალი ამბები

ბრიტანეთის საელჩოს მიერ ჩატარებულ კონკურსში პანკისში მცხოვრებმა სიედა ქავთარაშვილმა გაიმარჯვა

კონკურსის „გახდი ბრიტანეთის ელჩი ერთი დღით“ გამარჯვებული პანკისის ხეობაში მცხოვრები 13 წლის სიედა ქავთარაშვილი გახდა.

როგორც  დიდი ბრიტანეთის საელჩოში განაცხადეს, კონკურსის ფარგლებში 12-16 წლის ახალგაზრდებს საქართველოდან უნდა დაეწერათ მათთვის იდეალური დღის მოკლე აღწერა, რომელსაც ცნობილ ბრიტანელ ადამიანთან ერთად გაატარებდნენ.

“კონკურსი პოპულარული აღმოჩნდა და საინტერესო და სახალისო ესეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მივიღეთ. პანკისელი სიედა ქავთარაშვილის ესსე, მწერალ და ჟურნალისტ ლუსი ჰოკინგზე განსაკუთრებით გამორჩეული გახლდათ.

ლუსი ჰოკინგის საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას ეთმობა, რამაც სიედას დიდი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.

როგორც ერთი დღით ჩვენს „ელჩს“, სიედას ჰქონდა საშუალება წარედგინა რწმუნებათა სიგელის საქართველოს საგარეო მინისტრის პირველი მოადგილისათვის, ვახტანგ მახარობლიშვილისათვის.

გარდა ამისა, სიედა დაესწრო ბრიტანეთის საელჩოს გუნდის შეხვედრას, ეწვია საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც გამოფენილია დავით აღმაშენებლის მონეტა და ბრიტანეთის საბჭოს. სიედამ ძალიან კარგად გაართვა თავი დიდი ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შესრულებას”, – აცხადებენ დიდი ბრიტანეთის საელჩოში.