ახალი ამბები

ლაგოდეხში ეგზოტიკური პროდუქტების – ოკრას და პეპინოს წარმოება იგეგმება

ლაგოდეხში „ლოლაძეების ფერმა“ ეგზოტიკური პროდუქტების – ოკრას და პენინოს წარმოებას გეგმავს.

კომპანიის დამფუძნებელი ლაშა ლოლაძე განმარტავს, რომ ოკრა წიწაკის მსგავსი ბოსტნეულია, რომელიც დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა. გარდა ამისა, ოკრა წვავს ცხიმებს და ამცირებს ქოლესტერინის დონეს.

რაც შეეხება პეპინოს, ის ნესვისა და ბადრიჯნის ნაჯვარს წააგავს და იმ ტოპ 20 საუკეთესო ხილის სახეობაში შედის, რომელიც მსოფლიოს ყველა პრესტიჟულ სუპერმარკეტშია წარმოდგენილი.

პეპინო 15 სმ ზომის, არომატული, მოტკბო გემოს უკურკო ხილია. მას ყვითელი ფერის, კრემისფერი და მუქი იასამნისფერი ზოლები აქვს. ხილი საკვებად კი როგორც უმად, ხილის სალათებში, ისე მოთუშული ან შემწვარი გამოიყენება.

,,პროდუტების წარმოება მომხმარებლის ინტერესიდან გამომდინარე გადაწყდა, ნედლეულს კი აშშ-დან შემოვიტანთ. აქამდე ქართულ ბაზარზე ეს ორი პროდუქტი არასდროს იწარმოებოდა.

საცდელად უკვე გამოყვანილი გვაქვს ნერგი, ვნახავთ ზამთარში, თბილ პირობებში რამდენად მოვა და უკვე გაზაფხულზე კალმებით სწრაფად გავამრავლებთ“, – ამბობს ლაშა ლოლაძე.