თელავში ქართული ეთნოკულტურული ტრადიციების მნიშვნელობაზე ლექცია ჩატარდა
თელავის ისტორიულ მუზეუმში ეთნომუსიკოლოგმა, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, გია ბაღაშვილმა საგანმანათლებლო ლექცია- სემინარი ,,ტრადიცია და გლობალიზაცია” ჩაატარა.
ლექციის მიზანი იყო ქართული ეთნოკულტურული ტრადიციების განსაკუთრებული მნიშვნელობის წარმოჩენა თანამედროვე გამოწვევების ჭრილში.
,,მე რეგულარულად ვკითხულობ საჯარო ლექციებს ქართულ მრავალხმიანობაზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებსა და უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებლებში. გლობალიზაციის ეპოქაში, წარმატების მისაღწევად, საუკეთესო მოდელების მოძიება სწორედ ეროვნული კულტურის წიაღშია შესაძლებელი.
თანამედროვე გამოცდილებასა და ცოდნაზე დაყრდნობით, ტრადიციულ ფასეულობებზე აღზრდილი ახალგაზრდა გაცილებით მეტის მიღწევას შეძლებს.
ქართული ზეპირსიტყვიერება, უნიკალური მრავალხმიანობა, საუკეთესო ნიმუშია იმის, თუ როგორ არის შესაძლებელი მრავალსაუკუნოვან, ურთულეს ისტორიულ კონტექსტში, თვითმყოფადობის შენარჩუნების გზით, ზოგადსაკაცობრიო ღირებულების კულტურული მემკვიდრეობის შექმნა’’,- განუცხადა knews.ge-ს გია ბაღაშვილმა.
პროექტს ხორციელებს საქართველოს განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „კულტურის ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, ა(ა)იპ „ლომისი”.