გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ლელა თევდორაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, იგი ძველ სამსახურს დაუბრუნდება და კვლავ გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორის თანამდებობას ჩაიბარებს.
როგორც knews.ge-ს ლელა თევდორაშვილმა განუცხადა, მერის მოადგილის თანამდებობა საკუთარი სურვილის და განცხადების საფუძველზე დატოვა.
,,ამ წლის თებერვლის თვიდან ვიკავებდი მერის მოადგილის თანამდებობას, თუმცა ჩემს ძველ სამსახურში დაბრუნების სურვილი სულ მქონდა. 5 თვე მაინც იქნება მქონდა საუბარი ძველ სამსახურში დაბრუნებაზე და ახლა მივიღე ეს გადაწყვეტილება”,– განუცხადა Knews.ge-ს ლელა თევდორაშვილმა.
ლელა თევდორაშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის თებერვლიდან იკავებდა. მანამდე ის გურჯაანის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.