საარჩევნო პერიოდში დაქირავებული პირები შესაძლოა, შესაბამისი ანაზღაურების მიღებისას საპენსიო შენატანისგან გათავისუფლდნენ
შესაძლოა საარჩევნო პერიოდში დაქირავებული პირები ანაზღაურების მიღებისას საპენსიო შენატანისგან გათავისუფლდნენ.
შესაბამისი ცვლილებები დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონში შედის, რომელიც საარჩევნო კოდექსში მომზადებული ცვლილებებიდან გამომდინარეობს.
კანონპროექტის მიხედვით, საარჩევნო პერიოდში, ამავე პერიოდისთვის დაქირავებული ცესკო-ს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიების აპარატების, ასევე საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის თანამშრომლების, საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე და ტექნიკური პერსონალის, საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენლების ანაზღაურება საპენსიო შენატანების გადახდას არ დაექვემდებარება.
„კანონპროექტით განსაზღვრული პირები წარმოადგენენ დროებითი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს და მათი სახელფასო პერიოდი უმრავლეს შემთხვევაში ერთ თვეზე ნაკლებ პერიოდს მოიცავს“, – აღნიშნულია პროექტში.
კანონპროექტის ავტორი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა, ინიციატორი კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.