გომბორის გზაზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა
ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქეთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა ერთი წამყვანი ხიდის მქონე ავტომანქანებისთვის დაშვებულია მხოლოდ ზამთრის საბურავებითა და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტისთვის კი გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ ზამთრის საბურავებით.
“საავტომობილო გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევარმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ და მძღოლებს გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილზე აწვდიან ინფორმაციას”, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები.