ახალი ამბები

სოფელ ლაფანყურში მურა დათვი გამოჩნდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში დათვი გამოჩნდა. ვიდეო სოფელ ლაფანყურის მკვიდრმა 20 ნოემბერს, ღამით გადაიღო.

იხილეთ ვიდეო, რომელიც თვითმხილველმა ფეისბუქში გამოაქვეყნა:  ნახე ვიდეო

სპეციალისტების აზრით, საქართველოს ტყეების ბინადარია მურა დათვი. ეს სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ წიგნში (წითელ ნუსხაში).  ცხოველი მტაცებელი, ძუძუმწოვარი, დათვისებრთა ოჯახის წარმომადგენელია.

მისი სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც იგი „გრიზლის“ სახელითაა ცნობილი. ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში.

მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება.

დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებებიან. ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.
დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.

დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია.

ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.

ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.

დათვი შობს ძალიან პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელელნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან.

დათვები, როგორც წესი, მარტო ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.

საქართველოში ხშირია არაკანონიერი ნადირობა – ბრაკონიერობა, რის გამოც კლავენ როგორც დათვს, ასევე სხვა გარეულ ცხოველებს, რომლებიც გადშენების პირზეა. სამწუხაროთ დათვები ხშირად ხვდებიან ტყვეობაში. 2013 წლის მონაცემებით საქართველოში ორმოცდაათამდე დათვია უკანონოდ ტყვეობაში ეკლესია-მონასტრებში, რესტორნებში და კერძო ტერიტორიებზე. გართობის მიზნით ბელებს დედას უკლავენ და მათ ამწყვდევენ ვოლიერებში, სადაც გაუსაძლის პირობებში ატყვევებენ და ხშირ შემთხვევეში საბოლოოდ კლავენ.

მურა დათვი შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ . მისი დატყვევება აკრძალულია და ისჯება კანონით.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 853 მუხლის თანახმად, „საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ან/და კანონით გათვალისწინებულ განსაკუთრებულ შემთხვევებში ცხოველთა მოპოვება მათი მოპოვებისათვის დადგენილი შეზღუდვების ან/და პირობების დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება – გამოიწვევს დაჯარიმებას 150-დან 850 ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით.