პროტესტის მეექვსე დღე თბილისში – რას ფიქრობენ თელავში
მეექვსე დღეა, რაც პროპრციული საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩავარდნის გამო თბილისში საპროტესტო აქციები არ წყდება.
ოცამდე ოპოზიციური პარტია, ახალგაზრდები და სამოქალაქო სექტორი პარლამენტის 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას, მთავრობის გადადგომასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობის ხელახლა ჩამოყალიბებას ითხოვს.
აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ მმართველი გუნდის დაპირების მიუხედავად, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რითიც ხელისუფლებამ მოსახლეობა მოატყუა.
ხელისუფლების მიერ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან სპეცრაზმის დახმარებით აქციის მონაწილეების იძულებით გაყვანას, რომლის დროსაც წყლის ჭავლის მანქანები გამოიყენეს, თელავში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და ახალგაზრდები ეხმაურებიან.
ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანომ მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წავიდა.
თელავის დემოკრატიის სკოლის ხელმძღვანელი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის ჩიხში შესვლის გამო პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
ნიკოლოზ შარვაშიძე მიუთიტებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებამ პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანა, რადგან მმართველმა ძალამ მოსახლეობას სხვა არჩევანი არ დაუტოვა.
,,პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე შეთანხმება ეს იყო მნიშნელოვანი ნაბიჯი და დაპირება 20 ივნისის ღამის შემდეგ. ამაზე მმართველმა გუნდმა აიღო პასუხისმგებლობა და დაპირდა მოსახლეობას, საერთაშორისო პარტნიორებს და ოპოზიციურ სპექტრს, რომ კონსტიტუციაში შევიდოდა ცვლილება.
14 ნოემბერს კი უმრავლესობის ნაწილმა ხმა არ მისცა, ჩააგდო კანონპროექტი, რის გამოც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი შევიდა ჩიხში და იმის ნაცვლად, რომ დისკუსია გაგრძელებულიყო პარლამენტში და სწორი პოლიტიკური გზებით, უმრავლესობის ნაბიჯმა ეს ყველაფერი გადაიყვანა ქუჩაში.
მათ მოსახლეობის დიდ ნაწილს სხვა გზა არ დაუტოვეს და შესაბამისად მიიღეს ადეკვატური პასუხი დანაპირების შეუსრულებლობაზე, რასაც მოჰყვა პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები: ჯერ პარლამენტის პიკეტირება და შემდეგ კი მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა, შესაბამისად აქციის მონაწილეთა დაკავება.
რამდენად პროპორციული ძალა გამოიყენა 18 ნოემბერს სპეცრაზმმა ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუმცა ფაქტი იყო ძალიან სამწუხარო.
ჩემი აზრით, კიდევ ეყოთ გონიერება და გაცილებით დიდი ძალა არ გამოიყენეს აქციის დასაშლელად, მაგალითად როგორც ეს ოხდა 20 ივნისის ღამეს.
სამწუხაროა, რომ ადამიანების გაბრაზებას მმართველი გუნდი ასე პასუხობს და პარლამენტში ბიუროს ჩატარების მიზნით, ათასობით სპეცრაზმელის და პოლიციელის მობილიზება სჭირდება ხელისუფლებას იმის ნაცვლად, რომ წავიდეს დიალოგზე და დასხდნენ მაგიდასთან, ეძებონ გამოსავლის გზები, თუ როგორ შეიძლება ქვეყანა გამოვიდეს ამ კრიზისიდან ზიანის მიყენების გარეშე’’,- განუცხადა knews. Ge-ს ნიკოლოზ შარვაშიძემ.
საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებასა და 18 ნოემბრის აქციის დაშლას მკვეთრად უარყოფითად აფასებს ,,სამოქალაქო მოძრაობა“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმზღვანელი.
ნინო გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების ასეთი მიდგომა ყველა მიმართულებით ქვეყნას ძალიან სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
,,ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ საპროტესტო აქციებში. ვფიქრობ, პროპორციული სისტემა ქვეყნის დემოკრატიული განვითრების ერთდერთი გზაა.
ქართველი ხალხი არ დათმობს ამ სისხლით მოპოვებულ დაპირებას. ჩვენ არ ვაპირებთ გაჩრებას.
,,სამოქალაქო მოძრაობა’’ აქციებში მონაწილეობის გარდა, რეგიონებში დაიწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას, შევხვდებით მოსახლეობას და მივაწვდით ინფორმაციას, რას ნიშნავს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რატომ არის კარგი და რას მოიტანს ის ქვეყნისთვის.
არ ვაპირებთ გაჩერებას და ვიქნებით იქ, სადაც ხალხი იქნება’’,- აღნიშნა knews. Ge-ს საუბრისას ნინო გოგოლაშვილმა.
პროპრციული საარჩევნო სისტემის ჩაგდებას უკან გადადგმულ ნაბიჯად აფასებს თელავში მცხოვრები ნინი ბოჭორიძე.
მისი აზრით, ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ხალხის მოსმენა შეწყვიტა და ყველა პირობა, რაც მანამდე დადო, დაივიწყა.
ბოჭორიძე მიიჩნევს, რომ ხალხის პროტესტი ლეგიტიმურია და დაუშვებელია ქვეყნის კეთილდღეობისთვის მებრძოლი ახალგაზრდების აქციის დაშლა, რომლებიც საკუთარი მომავლის დასაცავად ქუჩაში გამოვიდნენ.
,,ქვეყნის დემოკრატიული განვითარება მხოლოდ ქუჩაში გამოსვლას და თავისუფალ პროტესტის უფლებას არ ნიშნავს, ხელისუფლებას უნდა ესმოდეს ხალხის. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ შეწყვიტა ხალხის მოსმენა და ყველა დაპირება, რომელიც რეალურად მათი ბილეთი იყო შემდეგ არჩევნებში სოლიდური შედეგის დასადებად, მიწასთან გაასწორა.
ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია პროპორციული სისტემა, რომელიც თავის მხრივ მრავალფეროვნებას და ქვეყნის დემოკრატულად განვითარებას ნიშნავს.
შესაბამისად, როდესაც ხელისუფლება ამ პირობაზე უარს ამბობს, თავისთავად ნათლად ჩანს ერთპარტიულობის სურვილი და არა დემოკრატიული პრინციპებით ცხოვრება. რაც შეეხება ხალხის პროტესტს, იგი ლეგიტიმურია, პასუხისმგებლობა კი იმ ადამიანებს ეკისრებათ, რომლებმაც პროპორციულ სისტემაზე უარი განაცხადეს და საპროტესტო ფონი შექმნეს. ბრძოლა გაგრძელდება უკეთესი მომავლისათვის’’,- აცხადებს knews. Ge-სთან საუბრისას ნინი ბოჭორიძე.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ასევე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ პარლამენტის ბლოკირება კანონგარეშე ქმედებაა, შესაბამისად პოლიციამ იმოქმედა კანონის მიხედვითდა 18 ნოემბერს პარლამენტის მიმდებარედ აქცია ისე დაშალა, რომ დაშავებულთა რაოდენობა მინიმალურია.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, პოლიტიკოსები მოიქცნენ უპასუხისმგებლოდ, როდესაც მოქალაქეებს ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსა და ქუჩების ბლოკირებისკენ მოუწოდეს.
“ბლოკირების შემედეგ პარლამენტის ფუნქციონირება პირდაპირ დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ. პარლამენტი ნახევარი დღის განმავლობაში ვერ ფუნქციონირებდა. ფაქტობირვად, თავს დაესხნენ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს.
რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში პოლიციამ და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის სრული უფლებაც ჰქონდა სახელმწიფო ინსტიტუტის უკანონო ბლოკირების შეწყვეტის შესახებ.
პოლიტკოსების შემდგომში მსგავსი უპასუხისმგებლო ქმედებების შემთხვევაში პოლიცია გააკეთებს იგივეს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში” – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საქართველოში აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველმა პარტიამ არ შეასრულა დაპირება, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარებულიყო.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა დაუჭირეს მხარი, თუმცა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას12 ხმა დააკლდა.
საქართველოს პარლამენტში კახეთის რეგიონის 6 მაჟორიტარი დეპუტატიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი მხოლოდ თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა დაუჭირა, თელავისა და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული პლენარულ სხდომას არ ესწრებოდა, ხოლო დანარჩენ კანონმდებლებს კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.