ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიას ახალი წევრი ჰყავს
ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი წევრი ჰყავს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ პოზიციაზე გიორგი დარბაიძე შეარჩია. დარბაიძეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
“ჩემი ნებით გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. ცესკომ შემარჩია ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად. ჯერ არ გადამიწყვეტია მივიღებ თუ არა მონაწილეობას საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი დარბაიძემ.
მან ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით უკვე მიმართა. წარმომადგენლობითი ორგანოს იურიდიულ საკითხთა კომისიამ დარბაიძის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს იმსჯელა. აღნიშნულ საკითხს ხვალ კი საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ.
ცნობისთვის, ლაგოდეხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად ცესკომ მას შემდეგ გამოაცხადა კონკურსი, რაც საოლქო კომისიის თავმჯდომარე რევაზ გაიპარაშვილმა თანამდებობა დატოვა. გაიპარაშვილი ცესკომ თელავის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრად შეარჩია. საოლქო-საარჩევნო კომისიამ კი ის თავმჯდომარედ აირჩია.
ლაგოდეხის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ამჟამად ივანე ზურიკაშვილი ასრულებს.