ლაგოდეხში 81 წლის შოთა ერიაშვილმა ბატატის წარმოება დაიწყო
ლაგოდეხში მცხოვრებმა ფერმერმა, პირველმა საქართველოში, ბატატის (ტკბილი კარტოფილის) წარმოება დაიწყო. 81 წლის შოთა ერიაშვილმა წელს 20 ტონა მოსავალი მიიღო.
შოთა პროფესიით ბიოლოგია და მიწის შედარებით დიდ ფართობზე ბოსტნეული წელს პირველად მოიყვანა.
ფერმერმა მოსავლის მცირე ნაწილი გაყიდა, თუმცა დიდ ნაწილს საცხოვრებელ სახლსა და იმ სათბურში ინახავს, სადაც ნერგები გამოიყვანა. სამომავლოდ მეწარმე საკუთარი საწყობის აშენებას აპირებს.
,,საწყობი არ გვაქვს, მოსავალს ძირითადად ვინახავთ სახლში და სათბურში, სადაც მისი შენახვა საშიშია, იმიტომ რომ შეიძლება გაფუჭდეს. მომავალში ვგეგმავ მოვიძიო ფინანსები და საწყობი ავაშენო. თუ საწყობი არ გავაკეთე, ვერ გავზრდი მოსავლის რაოდენობას’’,- განუცხადა knews.ge-ს შოთა ერიაშვილმა.
ფერმერი ამბობს, რომ პროდუქციის რეალიზაციის პრობლემა არ აქვს, რადგან თბილისში მსხვილ სუპერმარკეტთან შეთანხმება უკვე გააფორმა.
,,ჩვენს მოსავალს ,,აგროჰაბში’’ვყიდით. მათ ჯერჯერობით 2 მაღაზია აქვთ და შეიძლება ამ რაოდენობას ვერ მოერიონ. ჯერ არ გვინდა, რომ ამ პროცესში დიდი ქსელებიც ჩავრთათ, რადგან ყველას ვერ მივაწვდით იმდენ რაოდენობას, რომ მთელი წელი ეყოთ“, – აღნიშნა knews.ge-სთან საუბრისას ფერმერმა.
ბატატი გამოიყენება სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად, იჭმევა როგორც უმი, ისე შემწვარი, მოხარშული და გამომცხვარი.
„შემთხვევით ვნახე ინფორმაცია ინტერნეტში ტკბილი კარტოფილის შესახებ. უკრაინაში ვიშოვეთ სათესლე მასალა და გამოვიწერეთ. ვცადეთ, დავთესეთ და მივიღეთ კარგი მოსავალი“, – აცხადებს შოთა ერიაშვილი.
მეწარმე მომავალ წელს სხვა იშვიათი სახეობის ბოსტნეულის მოყვანასაც გეგმავს.
ფოტო: გიორგი ალადაშვილი