ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გურჯაანშიც გამოუცხადეს
ფრანგული სამედიცინო ცენტრი “კახეთი-იონი ” “თეთრი ხალათების” აქციას შეუერთდა. მედიკოსები სამედიცინო ცენტრის შენობის წინ შეიკრიბნენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათი თქმით, დაკავებული ექიმი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
დღესვე ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერს აქციას ყვარლის, სიღნაღის და თელავის რეფერალური საავადმყოფოების და სხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმებიც შეუერთდნენ. მედიკოსების თქმით, დაუშვებელია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო ექიმის დაკავება.
ცნობისთვის, საოკუპაციო რაჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.
ქართველი ექიმის დაკავების საკითხს განიხილავენ დღეს, თბილისში შეხვედრაზე ჟენევის თანათავმჯდომარეები. ისინი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში უნდა გაათავისუფლონ.