თელავში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თელავში მედიკოსებმა „თეთრი ხალათების” აქცია გამართეს. რეფერალური საავადმყოფოს ექიმები კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.
მედიკოსები ამბობენ, რომ ექიმის დაკავება სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო დაუშვებელია.
ცნობისთვის, საოკუპაციო რაჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.
ქართველი ექიმის დაკავების საკითხს განიხილავენ დღეს, თბილისში შეხვედრაზე ჟენევის თანათავმჯდომარეები. ისინი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდნენ.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ვაჟა გაფრინდაშვილი უახლოეს დღეებში უნდა გაათავისუფლონ.