აშშ-ს საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მიმდინარე პროცესებს სპეციალური განცხადებით ეხმაურებიან.
მათი განცხადებით, ისინი აცნობიერებენ ქართული საზოგადოების ფართო ნაწილის ღრმა იმედგაცრუებას იმის გამო, რომ პარლამენტმა არ მიიღო 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებზე გადასასვლელად საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებები. განცხადებაში ნათქვამია, რომ ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილება პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის დაჩქარებასთან დაკავშირებით გაიგეს, როგორც ქართული დემოკრატიის მიერ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც თან სდევდა პოლიტიკური კონსენსუსი და ყველა მხარის ერთობლივი ვალდებულება, ემუშავათ ამ მიზნის მისაღწევად.
,,გასულ ხუთშაბათს, ამ პროცესის მოულოდნელმა შეჩერებამ გაზარდა უნდობლობა და გაამძაფრა დაძაბულობა მმართველ პარტიას, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის.
დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, არსებითად მიგვაჩნია გადაუდებელი მუშაობა მთავრობას, ყველა პოლიტიკურ პარტიასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ნდობის აღსადგენად მშვიდი და პატივისცემაზე დაფუძნებული დიალოგის საშუალებით, ისეთი სამომავლო გზის საპოვნელად, რომელიც მისაღები იქნება.
ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას. მოვუწოდებთ ყველას, ვინც ამ უფლებას ახორციელებს, კანონის დაცვით და კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედონ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, იმოქმედონ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე”,– ნათქვამია განცხადებაში.
14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რომელსაც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. ოპოზიციის აქცია პარლამენტის წინ 17 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყო, მოგვიანებით კი საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარს ბოქლომი დაადეს. “ქართული ოცნებიდან” პარლამენტის დეპუტატმა რომან კაკულიამ განაცხადა, რომ პარლამენტის ბლოკირება დიალოგის გზას სპობს. აქცია გამართა „პატრიოტთა ალიანსმაც“.
ცვლილებების ჩავარდნის გამო იმედგაცრუება ევროკავშირმა და აშშ-ს საელჩომ გამოთქვეს.