თელავში წარმოებული ყველი დუბაისა და აშშ-ში ექსპორტზე გავიდა
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში წარმოებული ყველი დუბაისა და აშშ-ში ექსპორტზე გავიდა.
კომპანია “ცივის ყველის” დირექტორის, გიორგი ღაღაშვილის თქმით, ქართულ ბაზარზე რძის დეფიციტის გამო ექსპორტზე ყველის მცირე რაოდენობა გაიგზავნა.
ღაღაშვილი ამბობს, რომ ქართულ ყველზე მოთხოვნა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღითიდღე იზრდება.
“დიდი რაოდენობით, სამწუხაროდ, ვერ გაგვაქვს პროდუქცია, მაგრამ გავიდა დუბაიში, აშშ-ში მცირე რაოდენობით და გვინდა, გავზარდოთ მოცულობა, რათა ევროკავშირის ქვეყნებშიც შევძლოთ პროდუქციის გატანა“, – აცხადებს გიორგი ღაღაშვილი.
10 წელზე მეტია, რაც გოჩა ღაღაშვილს ყველს აწარმოებს. ღაღაშვილმა რძის გადამამუშავებელი საწარმო რამდენიმე წლის წინ გახსნა, სადაც 18 ადგილობრივია დასაქმებული.
საწარმოში პროდუქტის უსაფრთხო, მაღალტექნოლუგიური წარმოების დანერგვის მიუხედავად, ყველის რეალიზაცია კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება.
მეწარმე ამბობს, რომ ,,ცივის ყველის“ დავარგებული ცხრა სახეობა გემოვნური თვისებებით უნიკალურია.
,, 20 ლიტრი რძით მამასთან ერთად დავიწყე ბიზნესი. რძე რომ იყიდებოდა, მომეცა სტიმული, რომ გამეფართოებინა საქმე. 2002 წელს ავაშენეთ მინი საწარმო. ვაწარმოებდით მხოლოდ ტრადიციულ და შებოლილ სულგუნს. ამ პერიოდში იტალიელი პროფესორ ლორენცო ვენცის დახმარებით გავემგზავრე იტალიაში, სადაც ვისწავლე იტალიური ყველის ,,მოცარელას“ წარმოება.
შემდეგ იაფი სესხის ფარგლებში საწარმო ტექნოლოგიურად აღვჭურვე“, – განუცხადა knews.ge-ს ღაღაშვილმა.
ამ ეტაპზე საწარმოში 9 ტიპის ყველის 25 ნაირსახეობა მზადდება. მეწარმე წელიწადში 2 ტონამდე დაფასოებულ ყველს ყიდის. ამჟამად ღაღაშვილი ყოველდღიურად 1300 ლიტრ რძეს აწარმოებს.