ცხოვრება ჟესტების ენით
კახეთის ყრუ და სმენადაქვეითებულთა რეგიონულ ოფისში ბენეფიციარები ყოველ ორშაბათს იკრიბებიან.
კლუბის წევრებისთვის ეს ინფორმაციის გაცვლის და საერთო პრობლემების მქონე ადამიანების შეკრების ადგილია.
33 წლის ვახო საგინაშვილი 7-წელზე მეტია, ამ კლუბის წევრია. ის დაბადებიდან ყრუა და ყოველთვის უჭირდა გარშემო მყოფებთან ურთიერთობა.
,,დავდივარ კლუბში რათა შევძლო განათლება, განვითარება და ადაპტაცია. თარჯიმნის დახმარებით მე ვმუშაობდი გამწვანების სამსახურში, მაგრამ მომიწია ჯანმრთელობის პრობლემების გამო სამსახურიდან წამოსვლა, თუმცა ახლა ვმკურნალობ და ჩემი მდგომარეობა სტაბილურია’’, -განუცხადა knews.ge-ს ვახო საგინაშვილმა.
ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის კომუნიკაცია მთავარი პრობლემაა, რადგან საჯარო და კერძო დაწესებულებებში ჟესტების ენით არავინ საუბრობს.
ამიტომაც 5 წელია, კლუბის წევრებს თარჯიმანი ეხმარება. მაია რაზმაძე თარჯიმანი და ყრუ და სმენადაქვეითებულთა კახეთის ოფისის ხელმძღვანელია.
,,გარემო არაადაპტირებულია მაგრამ ჩვენი ბენეფიციარებისთვის ადაპტირება ნიშნავს თარჯიმანს. ჩვენ როდესაც დავიწყეთ მოხალისეობრივად თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში თარგმნა სხვადასხვა შეხვედრების, საზოგადოებამ ეს ადამიანები გაიცნო, გახდა უფრო მიმღები და არავის აღარ უკვირს რომ ქუჩაში ჯესტებით ვსაუბრობთ’’,-განუცხადა knews.ge-ს მაია რაზმაძემ.
კახეთის მასშტაბით ყრუ და სმენადაქვეითებულთა კლუბში 150-მდე ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა როგორც მაია რაზმაძე ამბობს, რეგულარულად შეკრებებზე 20-30 ადამიანი დადის.
20 წლის სალომე გუჯეჯიანი კლუბის ერთერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია. კლუბში გაწევრიანების შემდეგ, თარჯიმანის დახმარებით მან კოლეჯში ჩააბარა და უნდა, სამსახური იშოვოს.
,,თბილისში ვსწავლობდი სკოლაში, თელავში რომ გავთხოვდი, აქ კლუბში მოვედი და გავიჩინე ახალი მეგობრები. თარჯიმნის დახმარებით კოლეჯში ჩავაბარე. პირველად ჩემი არჩევანი იყო მზარეულობა, მაგრამ საოფისე მენეჯმენტი მირჩიეს და დავთანხმდი.
გარემო არ არის ადაპტირებული, ყრუმუნჯები ბევრნი არიან, მაგრამ მაგალითად ბანკში, მერიაში, კლინიკაში, ექიმთან თარჯიმანია საჭირო, რომ გაგვყვეს. ყველაზე მნიშვნელოავნია თარჯიმანთან ერთად ვიაროთ, რომ გაგვიადვილდეს გადაადგილება’’,– განაცხადა სალომე გუჯეჯიანმა.
ყრუ და სმენადაქვეითებულთა კახეთის ოფისში უნდათ, კლუბში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაწევრიანდეს, რომ სხვასხვა სერვისზე მათაც ჰქონდეთ წვდომა.
ვახო საგინაშვილისთვის ეს საინფორმაციო ვაკუუმის შევსების ერთადერთი გზაა.
,,ყველას ვურჩევდი იარონ კლუბში, რადგან მათი განვითარება და ადაპტაცია დამოკიდებულია იმაზე რამდენად იქნება ჩართული ჩვენი კლუბის ურთიერთობაში, რადგან იქ ბევრ სიახლეს ვიგებთ. ამის მეშვეობით ჩვენც ვხდებით საზოგადოების აქტიური წევრები.’’