მიწის ხარისხის კონტროლი – აუცილებლობა, რომელსაც კახელი ფერმერები არ აღიარებენ
კახელი ფერმერების უმეტესობამ საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ხარისხის შესახებ არაფერი იცის. ისინი ამბობენ, რომ წლებია ნიადაგის კვლევა არ ჩაუტარებიათ. მათი განმარტებით, სხვადასხვა სახის აგროპროდუქტი ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით, პესტიციდებით მოყავთ, რომელიც როგორც თავად განმარტავენ მიწას არ აბინძურებს.
მევენახეები ფიქრობენ, რომ მიწას, რომელზეც წლების განმავლობაში მოსავალი მოყავთ ხარისხის კვლევა არ სჭირდება, რადგან მოსავლის მისაღებად საჭირო პესტიციდები გარკვეული რაოდენობით შეაქვთ, რაც მიწის დაბინძურებას არ იწვევს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მცხოვრები გიორგი ალადაშვილი მიწას ბიოდინამიური მეთოდით, მთვარის კალენდრის მიხედვით ამუშავებს. მევენახე ძველი ტრადიციული მეთოდით სხვადასხვა სახის სასოფლო–სამეურნეო პროდუქტს ამზადებს და ადგილზე მისულ ტურისტებზე ყიდის.
ალადაშვილს ვენახი 2 ჰექტარზე აქვს გაშენებული, რომელსაც ბიოდინამიური მეთოდით ამუშავებს. ის ვენახს ათამდე სხვადასხვა სახეობის მცენარის ნახარშისგან დამზადებულ ხსნარით წამლის. მეწარმე ვაზის მოვლის დროს აგროქიმიკატებს არ იყენებს. მისი განმარტებით, პესტიციდები დროთა განმავლობაში ვაზს აზიანებს, ღვინოს გემოს უკარგავს და მიწას აბინძურებს.
,,მიწის ხარისხის კონტროლი აუცილებელია, რადგან მევენახემ აუცილებლად უნდა იცოდეს სად, რა პირობებში იწყებს საქმიანობას და რა ხარისხის მოსავალი მოჰყავს. მე ვენახის მოსავლელად სპეციალურ ნახარშებს საკუთარი ხელით ვამზადებ, ის სასოფლო-სამეურნეო მიწას და მოსავალს დაბინძურებისგან იცავს”,– განუცხადa knews.ge-ს გიორგი ალადაშვილმა.
სოფლის მეურნეობის ექსპერტები აცხადებენ, რომ მეწარმეების მიერ მიწის ხარისხის კონტროლი საქმიანობის დაწყებამდე მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მათ დაბინძურებულ ან ნაკლებად ხარისხიან მიწაზე დათესილი მოსავლის დიდი პროცენტი გაუნადგურდეთ.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ სულხანიშვილი განმარტავს, რომ კახეთის რეგიონში ნიადაგური საფარი მრავალფეროვანია, მოსავლის მისაღებად კი თვითოეულზე სხვადასხვა ოდენობის და დასახელების აგროქიმიკატი გამოიყენება.
,,აუცილებელია ფერმერებმა გაიგონ რომ ნიადაგი ცოცხალი ორგანიზმია და სხვადახვა საკვები ღირებულების ელემენტებს შეიცავს. თუ რა ელემენტი შეიძლება იყოს დეფიციტური კონკრეტულ ნიადაგში, ამის დადგენა კვლევის გარეშე შეუძლებელია.”
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს სათანადოდ აღჭურვილი როგორც კერძო ისე სახელმწიფო კვლევითი ლაბორატორიები, რომლითაც თვითოეულ ფერმერს შეუძლია ისარგებლოს.
,,შექმნილია ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, რომელიც ორიენტირებულია ნიადაგის კვლევაზე. იგი არ ახდენს მომსახურებას კერძო ფერმერებსა და კომპანიებისთვის, თუმცა იგი ანხორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, რომლის ფარგლებში ცხდება ნიადაგის ნაყოფიერების შესწავლა და სხვა მახასიათებლების კვლევა ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე და შემდგომ მზადდება მევენახეებისთვის რეკომენდაციები.
არსებობს ქვეყანაში სხვა ლაბორატორიები, რომლებიც შესაბამისად არიან აღჭურვილი და შეუძლოათ კერძო პირებს მოემსახურონ. ბევრი მევენახე ან ფერმერი არ აკითხავს ლაბორატორიებს, რომ გაიგოს ნიადაგის ხარისი, თუმცა ტენდენციას თუ გადავხედავთ, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია გაცილებით გაუმჯობესებულია”,- განაცხადა სამეცნიერო – კვლევითი ცენტრის ლაბორატორიის უფროსმა გიორგი ღამბაშიძემ.