ლაგოდეხის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. მათი თქმით, მიუხედავად სისტემის რეაბილიტაციისა, დაბინძურებული წყალი მიეწოდებათ.
წყლის პრობლემის მოგვარების მოთხოვნით მოსახლეობამ აქციაც გამართა. მათი განმარტებით, გარდა დაბინძურებული წყლისა, ახლად დამონტაჟებული წყლის მრიცხველები სამმაგ თანხას წერს, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ.
აცხადებენ, რომ დამონტაჟებული მრიცხველები მინიმუმ 40 ლარს, მაქსიმუმ კი 200 ლარს წერს, რისი გადახდის საშუალებაც არ აქვთ.
,,ლაგოდეხში, სასმელ წყალზე დამონტაჟებული მრიცხველების გამო წყლის მოხმარება ძვირი ჯდება. თითო ოჯახზე მინიმუმ 50 ლარს, ზოგ შემთხვევაში 200-300 ლარს წერს. ამ გაჭირვების დროს ამხელა თანხის გადახდა შეუძლებელია. თანაც მილებში ტექნიკური წყალი მოდის და დასალებადაც ვერ ვიყენებთ. იმდენად დაბინძურებულია, იყო შემთხვევები წყლით მოწამვლის. ბაყაყები და მწერები მოყვება. გარდა ამისა, არასწორად დაპროექტებული მილსადენების გამო, ზაფხულის ცხელ დღეებში თვენახევრის განმავლობაში, ლაგოდეხის ნაწილს არ მიეწოდებოდა წყალი”,-განუცხადა Knews.ge-ს ლაგოდეხში მცხოვრებმა ვალერი ოღიაშვილმა.
ადგილობრივების თქმით, წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს 14 მილიონი ლარის დახარჯვის მიუხედავად, სასმელი წყალი ამ დრომდე დაბინძურებული მიეწოდებათ.
,,ონკანზე წყალი მოვუშვი, რომ დასალევად ამევსო. წყალს მკვდარი თაგვი გამოყვა. მეზობლებსაც ვაჩვენე. წყალი სულ ჭუჭყიანი მოდის და დასალევად როგორ გამოვიყენებთ”, – განაცხადა ადგილობრივმა ირინა სულდინამ.
მუნიციპალიტეტის მერის ჯონდო მდივნიშვილის ინფორმაციით, მოსახლეობის პროტესტი სამართლიანია, რადგან წყლის ხარისხთან დაკავშირებით შემსრულებელ კომპანიასთან გარკვეული კითხვები მათაც აქვთ.
,,ლაგოდეხში 317 აბონენტს წყლის გადასახადი ჩამოეწერება. ეს არის ზაფხულში დარიცხული გაზრდილი გადასახადი. კომპანია ვალდებულია, რომ უზრუნველყოს მოსახლეობისთვის 24 საათიანი მიწოდება, რომელიც სასმელად ვარგისი იქნება. რაც შეეხება მრიცხველებს, სისტემის ბოლომდე დამონტაჟებდე, მრიცხველები ექსპლუატაციაში არ შევა”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობა წყლის გადასახადის სულადობის მიხედვით დაწესებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასობრივი საპროტესტო აქციებით იმუქრება.