საგარეჯოში თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე საგარეჯოში ერთი პირი დააკავა, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე, შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის“ დამფუძნებელი და დირექტორი – ნუგზარ ბ. დააკავეს, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე შპს „არგი ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორი – გიორგი ხ. პასუხისგებაში მისცეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არგი-ჯგუფის“ დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა.
შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“, რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს.
თავის მხრივ, შპს ,,არგი ჯგუფის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, შპს ,,არგი ჯგუფის“ მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა.
გამოძიება თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და 220-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს”, -აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.