შპს “გლეხური ბაზრის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს
შპს ,,გლეხური ბაზრის” ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ ბაზრის დაჯარიმებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
ბაზრის ადმინისტრაციის განცხადებით, მათთვის ბაზრის რეკონსტრუქცია არ წარმოადგენს მხოლოდ ბიზნესპროექტს, არამედ მიზნად ისახავს ქალაქ გურჯაანის და მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხორცის, რძის პროდუქტების, ბოსტნეულის და ბაღჩეულის და სურსათის სავაჭრო სივრცის შექმნას.
მათივე განცხადებით, დემონტაჟის შემდგომ მოვაჭრეებს საქმიანობა უწევთ ღია ცის ქვეშ, სწორედ ამიტომ სამშენებლო ნებართვის მიღების გარეშე დაიწყო სამუშაოები.
,,ახალი ბაზრის მშენებლობისთვის, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე დაჩქარებული ტემპით განხორციელდა არსებული ამორტიზებული ნაგებობების დემონტაჟი და ტერიტორია მომზადდა მშენებლობისთვის.
მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ დადგენილი ქალაქმშენებლობითი პირობების შესაბამისად 2019 წლის ივლისის ბოლოს დამუშავდა და შესათანხმებლად წარდგენილი იქნა ახალი სამშენებლო პროექტი.
იმის გათვალისწინებით, რომ დემონტაჟის შემდგომ მოვაჭრეებს საქმიანობა უწევთ ღია ცის ქვეშ და ქუჩაში, პროექტის მესაკუთრის მიერ ვადები განისაზღვრა პრიორიტეტად და სამშენებლო ნებართვის მიღების გარეშე დაიწყო მიწის სამუშაოები.
შპს “გლეხური ბაზარი” ემორჩილება მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას დაჯარიმების თაობაზე, ჯარიმის მიღებისთანავე გადახდილი იქნა საჯარიმე თანხა და მოთხოვნა ნებართვის გაცემის შესახებ ჯარიმის ქვითართან ერთად წარდგენილი იქნა არქიტექტურის სამსახურში,- აცხადებენ ბაზრის ადმინისტრაციაში.