ლაგოდეხში 317 აბონენტს წყლის გადასახადი ჩამოეწერება
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ 317 აბონენტის მრიცხველზე დარიცხული თანხის ჩამოწერას მოახდენს.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ლაგოდეხის წყალმომარაგების სისტემების მდგომარეობისა და სასმელი წყლის ხარისხის თაობაზე კიდევ ერთხელ იმსჯელა. სხდომას კომისიის წევრი დავით ნარმანია ხელმძღვანელობდა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის კახა ჯამბურიას თქმით, მოსახლეობა ლაგოდეხში სასმელი წყლის ხარისხს გაუმჯობესებას, მრიცხველზე დარიცხული თანხის განულების და წყალზე დაწესებული ახალი ტარიფის გადახედვას მოითხოვს.
,,კომპანიამ ვალდებულია, რომ უზრუნველყოს მოსახლეობისთვის 24 საათიანი მიწოდება, რომელიც სასმელად ვარგისი იქნება”,-განაცხადა კახა ჯამბურიამ.
წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის დავით ნარმანიას თქმით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ლაგოდეხში სასმელი წლის ხარისხის გაუმჯობესების და გარკვეული რაოდენობის აბონენტებისთვის მრიცხველზე დარიცხული თანხის განულების რეკომენდაცია მისცა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია აღნიშნულ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილებას 10 დღის ვადაში გამოაცხადებს.