დედოფლისწყაროს მერიამ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია შეიმუშავა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიამ 2019-2020 წლების გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია შეიმუშავა.
ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში შემუშავებული სტრატეგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ უკვე დაამტკიცა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, მალხაზ მერაბიშვილი განმარტავს, რომ სტრატეგიის მიზანი მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის პრინციპების განმტკიცებაა.
,,აღნიშნული სტრატეგია ხელს შეუწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. გარდა ამისა, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის გამჭვირვალობის გაზრდას ადგილობრივ დონეზე, ელექტრონული მექანიზმების დანერგვას, ასევე თვითმმართველობაში დასაქმებული საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლებას, კორუფციის პრევენციას და სხვა.
საკრებულომ ეს სტრატეგია უკვე დაამტკიცა. ეს ფაქტი ისტორიულ მომენტადაც შეიძლება ჩავთვალოთ, რადგან დედოფლისწყარო პირველი მუნიციპალიტეტია რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პროექტს შეუერთდა. ეს მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობას მოგვცემს ”,– განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მერაბიშვილმა.