თვითმმართველობასა და არასამთავრობო სექტორს შორის კომუნიკაციის სტრატეგიის პრეზენტაცია დედოფლისწყაროში
არასამთავრობო ორგანიზაცია „მედია ცენტრი კახეთის“ ორგანიზებით, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მთავრობას, ადგილობრივ განვითარების ჯგუფსა და არასამთავრობო სექტორს შორის კომუნიკაციის 2019-2020 წლების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა.
საჯარო განხილვას დედოფლისწყაროს საკრებულოსა და მერიის, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის LAG-ის, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
,,მედია ცენტრი კახეთის” დირექტორის, მაია მამულაშვილის თქმით, აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი ორგანიზაცია People in Need -ის მხარდაჭერით მომზადდა.
მისივე თქმით, სტრატეგიის ძირითადი მიზანია კომუნიკაციის გაუმჯობესება თვითმმართველობას, აქტიურ მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის.
,,კომუნიკაციის სტრატეგია შემუშავდა ორი თვის წინ და მასში ჩართულები იყვნენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
სტრატეგიის ძირითადი მიზანი გახლავთ ის, რომ გაუმჯობესდეს კომუნიკაცია და თანამშრომლობა თვითმმართველობას, აქტიურ მოქალაქეებსა და სამოქალაქო სექტორს შორის.
შეხვედრაზე სადაც კომუნიკაციის სტრატეგიის წარდგენა მოხდა, განხილული იყო ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც უზრუნველყოფს თანამონაწილეობით ბიუჯეტირებაში მოქალაქეთა ინიციატივებისა და ჩართულობის გაძლიერებას.
ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დედოფლისწყაროს მერია და საკრებულო აქტიურად ფიქრობს ითანამშრომლოს სამოქალაქო სექტორთან. ვფიქრობ, რომ ეს მზაობა განაპირობებს მნიშვნელოვან შედეგებს, რომელსაც მიიღებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი სამოქალაქო ჩართულობის თვალსაზრისით”,- განუცხადა Knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მალხაზ მერაბიშვილის განცხადებით, მერია ხელს შეუწყობს სამოქალაქო სექტორთან აქტიურ თანამრომლობას და სტრატეგიის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციას.
,,ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს როგორც მოსახლეობასთან, ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იქნება საერთო პროექტების განხორციელებაც, რომელიც საბოლოო ჯამში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის განვითარებას დადებითად წაადგება”,- განაცხადა მალხაზ მერაბიშვილმა.
ავტორები: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი