4 წლის გოგონას გაურკვეველი დიაგნოზი-ოჯახი დახმარებას ითხოვს
4 წლის თელავში მცხოვრები გოგონას ოჯახი ბავშვისთვის ზუსტი დიაგნოზის დადგენას ითხოვს.
დედის, ქეთევან ქოჩიშვილის თქმით, წლების განმავლობაში გოგონა ყოველდღიურად სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადის მკურნალობას.
მისივე თქმით, ის დაბადებიდან ჯანმრთელი იყო, თუმცა ექიმების დაუდევრობით დაავადდა, რაზედაც გამოძიებაა დაწყებული.
გოგონას მშობელი ამბობს, რომ ამ დრომდე სწორი დიაგნოზის დადგენა ვერ მოხერხდა, რის გამოც ავადმყოფს კომპლექსური მკურნალობა ვერ უტარდება.
,,დაბადებისას ბავშვს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში პედიატრმა ულაქტოზო რძე მისცა, რაც პატარას კუჭმა ვერ მოინელა და დაემართა ყაბზობა. ამის შემდეგ ელისაბედი სიგრძეში იზრდებოდა და წონაში მატება არ გვქონდა. მერე გავიგეთ, რომ ის ავად იყო მწვავე ნაწლავური ინფექციით.
ბავშვი სუსტად იყო, მოდუნებული ჰქონდა კიდურები და პირიდან დაეწყო ლორწოს დენა. გადავიყვანეთ სხვა კლინიკაში, მაგრამ განვითარდა სეფსისი და მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში როგორც ხელისუფლება, ისე არასამათავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, ვერ მოხდა ეფექტური მკურნალობა და წავიყვანეთ თურქეთში.
იქ სეფსისს ვუმკურნალეთ, მაგრამ მათ ზუსტი დიაგნოზი არ დასვეს. ფაქტობრივად, ცუდად იყო ბავშვი და ისე გამოგვიშვეს კლინიკიდან. ამის შემდეგ, როცა მდგომარეობა ისევ გართულდა, გადავწყვიტეთ ელისაბედი თბილისში საავადმყოფოში გვყოლოდა მანამ, სანამ სწორ დიაგნოზს არ დასვავდნენ. უკვე ერთ წელზე მეტია ასე ვართ’’,– აცხადებს გოგონას დედა.
ქეთევან ქოჩაშვილი ამბობს, რომ ბავშვის გამოჯანმრთელებისთვის აუცილებელია სწორი დიაგნოზის დასმა, რის შემდეგაც მოხდება კომპლექსური მკურნალობა.
,,თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალს სადაც ამჟამად მკურნალობენ, არ აქვს შესაბამისი რესურსი ასეთი კომპლექსური მიდგომა აწარმოოს. ჩვენ გვინდა სივრცის და კლინიკის შეცვლა, სადაც მეტი რესურსი და მაღალი დიაგნოსტიკა იქნება. ამდენი ხანია ბავშვს კუნთები აქვს გათიშული და საჭმელი სპეციალური აპარატით მიეწოდება. გარდა ამისა, დიაგნოზიც საეჭვოა.
ამიტომ გვინდა სწორი დიაგნოზის დასმა, რომ რელევანტური მკურნალობა დაიწყოს. სახელმწიფო ისედაც გვეხმარება და გვეუბნებიან, რომ სადაც არ უნდა გადავიყვანოთ ბავშვი, მის ხარჯებს დააფინანსებს, მაგრამ ამის მიღმა, არის უამრავი სხვა ხარჯი.
ბავშვს სჭირდება მაღალკალორიული კვება, ცილოვანი დანამატები, იტალიური და ესპანური მედიკამენტები და სხვა. ამ ყველაფერს ჩვენ ვყიდულობთ და ფინანსური რესურსიც აღარ გვაქვს’’, – განაცხადა ქეთევან ქოჩაშვილმა.
ოჯახი ფინანსურ დახმარებას საჭიროებს. ელისაბედის დასახმარებლად თიბისი ბანკში გახსნილია ანგარიში: GE90TB7806545061600004.