ახალი ამბებივიდეორეპორტაჟისტატიები

ხელნაკეთი თოჯინები 82 წლის ნუნუ ბერიასგან

82 წლის თელაველი ნუნუ ბერია ნატურალური ბამბის, მატყლისა და ფერადი ქსოვილებისგან ნაჭრის თოჯინებს კერავს და მაღაზიებში ყიდის.

მას ეს საქმე ბავშვობიდან უყვარს, თუმცა  თოჯინების გასაყიდად დამზადება 4 წლის წინ დაიწყო.

,,მე და ჩემი და როდესაც ვთამაშობდით, ომი ახალი დამთავრებული იყო და არაფერი სათამაშო არ იყო. მოგვწყინდა ასე თამაში და ერთხელ შემთხვევით გადავედით ყანაში. თამაშის დროს გადატყდა სიმინდი და შეგნით ვნახე რბილი მასალა, რომელსაც  გვერდები ჩამოვაცალე, ჯოხი გავუყარე, ბებიას მუთაქებში იყო ნაჭრები ის ჩამოვაცვი და ასე მივიღე თოჯინა. როცა გავთხოვდი კახეთში, ორი ბიჭის შემდეგ შემეძინა გოგონა. მას მერე გადავწყვიტე გამეგრძელებინა თოჯინების გაკეთება. შევკერე ერთი თოჯინა, რომელიც არ მოეწონა ბავშვს, მაგრამ მე ეს საქმე მომეწონა და მაინც გავაგრძელე.

თელავში თუ კი არის გამოფენები, მონაწილეობას ვიღებ. მოსწონთ ძალიან მაგრამ ცოტა იყიდება. რომ დავინახე ერთი ორი მაინც გამეყიდა, სტიმული მომეცა’’,- განაცხადა ნუნუ ბერიამ.

ნუნუ თოჯინებს მეორადი ნაჭრისგან ამზადებს, რომელსაც თელაველი მკერავები ჩუქნიან.

,,რომ შევკერავ, მე სანამ არ მომეწონება მანამ თავს არ ვანებებ. ზოგჯერ ბევრი დამიშლია და ახლიდან გამიკეთებია. ასე ვერთობი. 82 წლის ასაკში რა უნდა გავაკეთო სხვა ამაზე ლამაზი. ხან ვიტყვი ხოლმე ნეტავ დიდხანს ვიყო, რომ მეტი გავაკეთო, რადგან ხალხს ისინი მოსწონს.’’

ნუნუ ბერიას 700-მდე თოჯინა აქვს დამზადებული: ნაწილი გაყიდა, ნაწილი გააჩუქა.

ის თელავში სპეციალური სივრცის შექმნაზე ოცნებობს, სადაც შეეძლება, თავისი ცოდნა სხვებს გაუზიაროს.

,,მე რომ დავჯდები და კერვას ვიწყებ, ყველაფრისგან ვითიშები. მინდა რომ ისინი ულამაზესები იყვნენ. თან ვფიქრობ ამას რა მოუხდება. ყველა სხვადასხვაა, აქ ორ ერთნაირს ვერ ნახავ’’,- განუცხადა knews.ge-ს ნუნუ ბერიამ.

ნუნუ თოჯინებს ყიდის ინტერნეტით, სახლიდან ან მაღაზიებში, სადაც თავის ნამუშევრებს აბარებს.

,,მე თუ მეტი გაყიდვები მექნება კარგი იქნება. მაგრამ რომ არ გაიყიდოს მე მაინც შევკერავ

ამ თოჯინების გარდა კიდევ მაქვს 50 მდე თოჯინა, რომელსაც არ ვყიდი. შეიძლება 10 შევკერო და ერთი გამოვიდეს ულამაზესიისინი მენანება გასაყიდად მაგრამ რისთვის ვინახავ არ ვიცი.’’

ავტორი: მაკა ხაზიური, ვასილ ბაბუაშვილი