მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს თელავში გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერი გახსნის
თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს გამოჩენილი გერმანელი მევიოლინე კოლია ბლახერი გახსნის. ფესტივალი თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრში 21-დან და 29 სექტემბერამდე გაგრძელდება.
ფესტივალის ორგანიზატორების განმარტებით, მსმენელის წინაშე წარდგებიან სხვადასხვა თაობის ბრწყინვალე ქართველი და უცხოელი მუსიკოსები. საფესტივალო ორკესტრის დირიჟორი კი არიელ ცუკერმანი იქნება.
,,ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე წარსდგებიან ელისო ვირსალაძე, კოლია ბლახერი, ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი, გორის ქალთა კამერული გუნდი, ნიკოლოზ ნამორაძე და სხვა გამოჩენილი მუსიკოსები.
ფესტივალის ორგანიზატორია სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო”,– აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მე-20 საუკუნის 80-იან წლებში დაარსდა. ფესტივალი მუსიკოს ელისო ვირსალაძის მიერ 2010 წელს განახლდა და მას შემდეგ, ყოველწლიურად იმართება.
ტრადიციულად, ფესტივალი თელავში ტარდება, რა დროსაც ქალაქი სხვადასხვა თაობის მსოფლიო რანგის მუსიკოსებს მასპინძლობს.