თელაველმა სანდრო დათიშვილმა საქართველოდან შოტლანდიისკენ ველოსიპედით მოგზაურობა დაიწყო
39-ე დღეა რაც 25 წლის სანდრო დათიშვილმა თელავიდან შოტლანდიისკენ ველოსიპედით მოგზაურობა დაიწყო.
ახალგაზრდას მეგობრების ინფორმაციით, მისი მიზანი შოტლანდია-საქართველოს რაგბის მატჩზე დასწრებაა.
მათივე თქმით, გარდა მოგზაურობისა, ახალგაზრდა დაინტერესებულ პირებს ბლოგებით სხვადასხვა ქვეყნის კულტურას და ტრადიციებს აცნობს.
,,იგი ამჟამად ბუდაპეშტში იმყოფება და წინ კიდევ დაახლოებით 40 დღის სავალი მანძილია. ის მოგზაურობასთან ერთად სხვადასხვა ქვეყნებიდან გვთავაზობს საინტერესო პოსტებს მათი თავისებურებებისა, ტრადიციებისა და სხვა საინტერესო ფაქტების შესახებ”,– აცხადებენ ახალგაზრდას მეგობრები.
სანდრო დათიშვილის თქმით, კი მოგზაურობის მიზანი როგორც პიროვნული განვითარება, ასევე სხვადასხვა ქვეყნის კულტურის გაცნობაა.
,,ამ გზით მოგზაურობის გადაწყვეტილების მიღების მიზანი და მოტივაცია უფრო ღრმაა. ბოლომდე მგონია რომ კარგ რამეს ვაკეთებ როგორც საკუთარი შინაგანი, პიროვნული და კულტურული განვითარებისთვის, ისევე ჩემი მეგობრებისთვის, გარემოცვისთვის და ალბათ ქვეყნისთვის”,- აცხადებს სანდრო დათიშვილი.