ახალგაზრდებსა და თვითმმართველობას შორის სტრუქტურული დიალოგის ამაღლების მიზნით შეხვედრები იმართება
ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის სტრუქტურული დიალოგის ამაღლების მიზნით, მცხეთის სოფელ მისაქციელში, ხუთდღიანი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრას ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან.
პროექტ ,,დემოკრატია მეტია ვიდრე არჩევნები,, ავტორის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ამბრელას,, პრეზიდენტის სლავა მეჟდოიანის შეფასებით, ღონისძიების მონაწილეები შეხვედრის ფარგლებში გაეცნობიან ადგილობრივი დემოკრატიისა და ჩართულობის პრინციპებს არაფორმალური განათლების და არსებული საუკეთესო პრაქტიკის გზით.
,,შეხვედრის მონაწილეები პროექტის შემდგომ საკუთარ მუნიციპალიტეტში ხელს შეუწყობენ სტრუქტურული დიალოგის ჩამოყალიბებას ახალგაზრდებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.
პროექტის ძირითადი ამოცანებია, მონაწილეების აღჭურვა ახალგაზრდების მონაწილეობისათვის საჭირო კომპეტენციებით და საქართველოში არსებული ჩართულობისათვის მექანიზმებისა/საშუალებების გაცნობა.
ასევე პროექტის ბოლოს მონაწილეები შეიმუშავებენ კონკრეტული ნაბიჯებისაგან შემდგარ სამოქმედო გეგმას, რომელსაც განახორციელებენ დაბრუნებისთანავე”,– განაცხადა სლავა მეჟდოიანმა.
აღნიშნული პროექტი მხარდაჭერილია ,,ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის,, მიერ და მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის ამაღლებას.